fbpx
Skip to main content

კონკურსი მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის “ეკო-ინოვაციების” თემაზე ტექნიკური მხარდაჭერის გაწევის შესახებ

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის “ევროკავშირი გარემოსთვის” (EU4Environment) 2.6 კომპონენტის “ეკოლოგიური ღირებულებათა ჯაჭვი და პროდუქტის ინოვაცია (შემდგომში ეკო-ინოვაცია) ფარგლებში, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) ახორციელებენ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ეკო-ინოვაციური მიდგომების პოპულარიზაციას საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში. ეკო-ინოვაცია არის მიდგომა, რომელიც მცირე და საშუალო კომპანიებს ეხმარება ისეთი ბიზნეს მოდელების შემუშავებასა და დივერსიფიცირებაში, რომელიც ამცირებს სოციალურ და გარემოსდაცვით წნეხს, ასევე – ზეგავლენას ღირებულებათა ჯაჭვის ყველა ეტაპზე, რათა კომპანია გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი და ძლიერი. იგი მოიცავს როგორც ცვლილებათა კოორდინირებულ პაკეტს, ან ინოვაციურ გადაწყვეტილებებს პროდუქტებისთვის (საქონელი და მომსახურება), ასევე საბაზრო მიდგომას და საწარმოს მთელ ორგანიზაციულ სტრუქტურას.

“გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა” და გაეროს გარემოსდაცვითმა პროგრამამ მოამზადეს კვლევა “საქართველოში ეკო-ინოვაციების სივრცის ბაზრის შეფასება და პოლიტიკის ანალიზი”, რომლის შედეგებზე დაყრდნობითაც გეგმავს საქართველოში სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის, ან განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის სფეროებში მოღვაწე მცირე და საშუალო საწარმოებთან მუშაობას, შემდგომში მათ მიერ ეკო-ინოვაციური მიდგომების დანერგვის მიზნით. აღნიშნული ითვალისწინებს მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას ბიზნეს სტრატეგიების ტრანსფორმაციაში და ახალი, ინოვაციური ბიზნეს მოდელების და მათი განხორციელებისთვის საჭირო სამოქმედო გეგმის შემუშავებას.

კონკურსის ფარგლებში შერჩეულ 8 კომპანიას ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები დაეხმარებიან ეკო-ინოვაციისთვის მზაობის შეფასებაში და ახალი, ინოვაციური ბიზნეს მოდელების შემუშავებაში, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ეკო-ინოვაციის სახელმძღვანელოს (რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობით შეიქმნა) გამოყენებით. ზემოაღნიშნული კომპანიებს დაეხმარება:

▪ ისეთი ინოვაციური მიდგომების გაცნობასა და დანერგვაში, რომელიც ამცირებს მათი საქმიანობით და პროდუქტის/მომსახურების მიწოდებით გამოწვეულ უარყოფით ზემოქმედებას გარემოზე;
▪ მომხმარებელთა ბაზის, რეპუტაციისა და ხილვადობის გაძლიერებაში;
▪ ევროკავშირის ბაზარზე (და სხვა ახალ ბაზრებზე) პროდუქტებისა თუ მომსახურების გატანაში;
▪ ნიჭიერი თანამშრომლების მოზიდვასა და შენარჩუნებაში;
▪ პასუხისმგებლიანი ბიზნეს პრაქტიკის ჩამოყალიბებაში;
▪ ფინანსურ მექანიზმებზე წვდომის გაზრდაში, სოციალური და გარემოსდაცვითი მდგრადობის დამატებით უზრუნველყოფის მიზნით;
▪ ახალი სტანდარტებისა და რეგულაციების თაობაზე ინფორმირებაში;
▪ ფინანსებზე მეტი ხელმისაწვდომობის გაზრდაში;
▪ რეპუტაციისა და ბრენდის გაძლიერებაში;
▪ გლობალური ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და ჯანდაცვის კრიზისის გათვალისწინებით, მათ გაძლიერებაში.

კონკურსში მონაწილეობის მოთხოვნები

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ (სულ მცირე 2018 წლიდან) მცირე ან საშუალო ზომის საწარმოებს, როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის და გაეროს გარემოსდაცვითი ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, კომპანიები წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ორი სექტორიდან:

▪ სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა
▪ განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა და საკვების მიწოდება

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ:

▪ ამონაწერი იურიდიულ პირთა რეესტრიდან
▪ შევსებული სააპლიკაციო ფორმა

შერჩევის პირველი ეტაპი გულისხმობს წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმის შეფასებას, ხოლო მეორე ეტაპი – კანდიდატთან გასაუბრებას.

კონკურსთან დაკავშირებული ყველა შეკითხვა ან განმარტება 2021 წლის 29 ივლისამდე, შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: procurement@cida.ge

დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2021 წლის 12 აგვისტოს მისამართზე: procurement@cida.ge