პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღე

რატომ აღინიშნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღე?

2006 წლის 26 აპრილს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 28 იანვარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღედ გამოაცხადა. 26 იანვარი წარმოადგენს პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის ხელმოსაწერად გახსნის საიუბილეო თარიღს. აღნიშნული კონვენცია 30 წელზე მეტია ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ქვაკუთხედს წარმოადგენს. დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

რატომ არის პერსონალური მონაცემების დაცვა მნიშვნელოვანი?

პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათი ტრანსსასაზღვრო შინაარსის გათვალისწინებით, ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით – სამსახურში, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, საქონლის ან მომსახურების შეძენისას, მოგზაურობისას ან ინტერნეტში ყოფნის დროს. თუმცა, მოქალაქეებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ამ კუთხით არსებულ უფლებებზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღის აღნიშვნის მიზანია, საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებს კი მიეცეთ  პროფესიულ თემებზე მსჯელობის შესაძლებლობა.    

რას ეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვა?

პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღის მიზანია, ადამიანებს მიაწოდოს ინფორმაცია მათთან დაკავშირებული რა ტიპის პერსონალური მონაცემები გროვდება და მუშავდება, რა არის ინფორმაციის დამუშავების მიზანი და  რა უფლებები აქვთ მათ ამ პროცესში. მოქალაქეებმა როგორც წესი, არ იციან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ იმ შემთხვევაში, როდესაც თვლიან, რომ მათი უფლებები ირღვევა, მათ ასევე არ აქვთ ინფორმაცია რა ფუნქციები აქვს  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნულ უწყებას მათ ქვეყანაში.

როგორ ხდება პერსონალურ მონაცემთა დაცვა საქართველოში?

საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის უფლებამონაცვლე, საქართველოში 2019 წლის 10 მაისიდან ამოქმედდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულებაზე ზედამხედველობა და მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლია. ამ მიზნით ინსპექტორის სამსახური საქმიანობას ოთხი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს:

  • საჯარო და კერძო დაწესებულებებში მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება);
  • მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით მოქალაქეთა განცხადებების განხილვა;
  • საჯარო და კერძო დაწესებულებებისათვის, აგრეთვე ფიზიკური პირებისათვის მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
  • საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვას?

ვინაიდან პერსონალური მონაცემების დაცვა ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგეს, ევროკავშირი, Human rights 4All პროგრამის ფარგლებში,  2016 წლიდან აქტიურად უჭერს მხარს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებას. ევროკავშირს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის, შემდგომ კი მისი უფლებამონაცვლის –  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაძლიერებაში, როგორც ინსტიტუციური განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის, ისე ტრენინგებისა და ცნობიერებისა ამაღლების, სხვადასხვა ღონისძიებების მხარდაჭერის, საკომუნიკაციო სტრატეგიის მომზადების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების გზით.

ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის (OHCHR) მხარდაჭერით, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა განახორციელა ერთ კვირიანი საინფორმაციო კამპანია (22-28 იანვარი, 2021). კამპანიაში ჩაერთნენ როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სკოლები, უნივერსიტეტები და მოქალაქეები. საინფორმაციო კამპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სხვადასხვა ასპექტი მოიცვა. მათ შორისაა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება, სოციალური მედიის გამოყენება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით ახალი საუნივერსიტეტო პროგრამების დანერგვა. ოცზე მეტმა უნივერსიტეტმა ხელი მოაწერა მემორანდუმს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში უმაღლესი განათლების გაუმჯობესების შესახებ.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ასევე გაიმართა ონლაინ  შეხვედრა სტუდენტებთან, ფოტო-კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის Facebook ლაივი სოციალური მედიის უსაფრთხოდ გამოყენების საკითხებზე და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიშების წარდგენა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემებისა და არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავებისა და გამოყენების შესახებ.

კამპანიის აქტივობების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ: https://www.facebook.com/DPAGeorgiaOfficial 

გაიგეთ მეტი ბმულზე: პერსონალური მონაცემების დაცვა პანდემიის პირობებში
ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნული მექანიზმების გაძლიერებას საქართველოში

 

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021