7 მეთოდი, რომლითაც ევროკავშირი თქვენს ინტერნეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

მე არასდროს გავხდები კიბერდანაშაულის მსხვერპლი.”

ჩვენ ასე ვფიქრობთ, სანამ ეს ჩვენ არ დაგვემართება. რაც უფრო მეტად ვხდებით დამოკიდებული ინტერნეტზე, მით უფრო კარგად უნდა ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ საკუთარი უსაფრთხოება.

იცით, თუ არა, რომ ჰაკერები მსოფლიოს მასშტაბით დღეში საშუალოდ 2,244 შეტევას ახორციელებენ? და ამით დიდი ზიანს აყენებენ ეკონომიკას და ბიზნესებს? მათ გავლენის მოხდენა ჩვენს პირად ცხოვრებაზე შეუძლიათ!

ფიშინგი, ჰაკინგი, მონაცემების გავრცელება და სხვა კიბერსაფრთხეები, კლიმატის ცვლილების შემდეგ, მიმდინარე ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გლობალურ რისკად ითვლება (WEF). სწორედ ამიტომ, ინტერნეტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ეს მოიცავს როგორც თქვენი პერსონალური მონაცემების, ასევე ინფრასტრუქტურის დაცვას კიბერშეტევებისგან და ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებული ახალი რისკების ანალიზს.

თქვენი ინტერნეტ უსაფრთხოების დაცვის მიზნით ევროკავშირი შვიდ მეთოდს იყენებს, რომლებიც მოიცავენ როგორც ცნობიერების ამაღლებას, ასევე კიბერდამნაშავეებთან ბრძოლას.

1. დაფიქრდი, სანამ ღილაკს დააჭერ

ონლაინ რეჟიმში ყოფნისას უსაფრთხოების დასაცავად, აუცილებელია ძირითადი წესების დაცვა. დაფიქრდით, სანამ ღილაკს დააჭერთ, დააყენეთ ანტივირუსის პროგრამა, კარგად შეარჩიეთ პაროლი და არ მისცეთ წვდომა სხვებს თქვენს ტექნიკაზე.

წარმოგიდგენთ ონლაინ რეჟიმში ყოფნისას უსაფრთხოების დაცვის მარტივ რჩევებს.

2. დავიცვათ პატარები

ახალგაზრდა ევროპელები YouTube-სა და Instagram-თან ერთად იზრდებიან. ინტერნეტი უზრუნველყოფს ახალ შესაძლებლობებს, ხელს უწყობს განათლების მიღებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. თუმცა, ბავშვები ასევე შესაძლოა ბულინგისა და სექსუალური ძალადობის ობიექტები გახდნენ. ბავშვების დაცვის მიზნით ევროკავშირმა მიიღო რამდენიმე ზომა, რომლებიც ხელს უწყობენ ინტერნეტ წიგნიერების დონის ამაღლებასა და ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას.

მაგალითად, ევროკავშირი მის წევრ ყველა სახელმწიფოს უზრუნველყოფს დამხმარე ქსელით და უსაფრთხო ინტერნეტის ცენტრით, სადაც შესაძლებელია დარეკვა და ექპერტებისგან უსასყიდლო დახმარების მიღება მონაცემების დაცვის, კონფიდენციალობისა და სხვა საკითხების შესახებ.

3. ევროკავშირის მკაცრი წესები თქვენს კონფიდენციალობას იცავს

ინტერნეტით სარგებლობისას, ხშირად ინტერნეტის პროვაიდერს ან იმ ვებ-გვერდს, რომელზეც იმყოფებით, უზიარებთ საკუთარ პერსონალურ ინფორმაციას, როგორიცაა, სახელი, გვარი, მისამართი, საკრედიტო ბარათის ნომერი. როგორც წესი, პირად მონაცემებს მომსახურების ან ინფორმაციის მისაღებად უთითებთ.

ევროკავშირის წესები, როგორიცაა ელექტრონული კონფიდენციალობის დირექტივა და ზოგადი მონაცემების დაცვის რეგულაცია (GDPR) უზრუნველყოფს ამ მონაცემების უსაფრთხო მართვას, გამორიცხავს მათ არაუფლებამოსილი პირების ხელში მოხვედრას და აუმჯობესებს თქვენ მიერ ამ მონაცემების კონტროლს. ევროკავშირს შეუძლია სიამაყით განაცხადოს, რომ მას აქვს მონაცემთა დაცვის მსოფლიოში ყველაზე მკაცრი და თანამედროვე წესები, რომელიც გლობალური სტანდარტი ხდება.

4. სამყაროს ციფრული უნარ-ჩვევები მართავს

ევროკავშირი კრიფტოგრაფიულ ტექნოლოგიებსა და კობერ უსაფრთხოებაში მსოფლიო ლიდერია. თუმცა, ისევე, როგორც ყველა სწრაფად განვითარებადი სფეროს შემთხვევაში, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია დროული რეაგირება კიბერუსაფრთხოების სფეროს მოთხოვნებზე და ახალი ციფრული უნარ-ჩვევების განვითარება. 

ევროკავშირმა დიდი სამუშაო გასწია განათლების მოდერნიზების გზით ციფრული უნარ-ჩვევების განვითარებისათვის. ევროკავშირი გასცემს გრანტებს სამაგისტრო და სადოქტორო კვლევებისთვის და ხელს უწყობს კვალიფიკაციის ამაღლებისა და განვითრების შესაძლებლობებს, ციფრულ უნარ-ჩვევებზე განსაკუთრებული აქცენტით.

რაც უფრო მეტი იქნება კვალიფიციური IT და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებისა და სათანადო უნარ-ჩვევების მქონე მომხმარებლების რაოდენობა, მით უფრო დაცული იქნება ჩვენი ინტერნეტ უსაფრთხოება. 

5. ერთობლივი მუშაობა კიბერდანაშაულის დასამარცხებლად და კიბერშეტევების თავიდან ასაცილებლად

კორონა ვირუსის კრიზისის პერიოდში გახშირებულმა კიბერშეტევებმა დაგვანახა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საავადმყოფოების, სამეცნიერო ცენტრებისა და სხვა ინფრასტრუქტურის დაცვას. კიბერუსაფრთხოება ევროკომისიის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და შესაბამისად ევროპის აღდგენის გეგმა კიბერუსაფრთხოებაში დამატებით ინვესტიციებს ითვალისწინებს.

ჩვენ ასევე ვიღებთ სერიოზულ ზომებს კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გასაძლიერებლად: უახლოეს მომავალში ჩვენ გავაახლებთ  კიბერუსაფრთხოების კანონმდებლობას, 2020 წლის ბოლოსთვის მომზადდება კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგია, გაიზრდება ინვესტიციები კიბერუსაფრთხოების კვლევასა და შესაძლებლობების გაძლიერებაში.

როდესაც თქვენ იძენთ პროდუქტებს ონ-ლაინ მაღაზიებში, აკეთებთ საბანკო გადარიცხვებს ან ეძებთ სამსახურს, თქვენ აზიარებთ საკუთარი პერსონალური ინფორმაციის დიდ ნაწილს. კიბერდამნაშავეები ცდილობენ ონ-ლაინ საბანკო გადარიცხვებში შეჭრას, პერსონალური მონაცემების მოპოვებას და ადამიანების დაშინებას. ამიტომ, ევროკომისია ახორციელებს კიბერდანაშაულის შესახებ ევროკავშირის კანონის რეგულარულ მონიტორინგსა და განახლებას და ხელს უწყობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში კანონის აღსრულების შესაძლებლობების გაძლიერებას. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ევროპოლის ევროპული კიბერდანაშაულის ცენტრთან, რომელიც კრიმინალური ინფორმაციისა და დაზვერვის ცენტრალურ უწყებას წარმოადგენს. ის ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს მიმდინარე გამოძიებებში ოპერატიულ და ანალიტიკურ დახმარებას უწევს.

გარდა ამისა, კიბერუსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის გონიერი ელექტროსისტემების დაცვაზე, ელექტრონული ჯანდაცვის სისტემებზე,   მონაცემთა დიდ ბაზებს, და ა.შ., მუშაობს ევროკავშირის ქსელური და საინფორმაციო უსაფრთხოების სააგენტო (ENISA). სააგენტო ეხმარება ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს  და უზრუნველყოფს კიბერუსაფრთხოების ინტეგრირებას ევროკავშირის პოლიტიკის ყველა დარგში.

ევროკავშირის ქსელური და საინფორმაციო უსაფრთხოების სააგენტოს (ENISA) მიზანია, მოამზადოს ევროპა კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომავალი გამოწვევებისათვის

6. წინასწარ ფიქრი 5G ქსელებზე მეტი სიჩქარე მეტი დაცვით

რევოლუციური გარღვევა კომუნიკაციებში შორს აღარ არის. 5G არის მობილური ქსელების მე-5 თაობა, რომლის მიზანია მონაცემებისა და კავშირების კუთხით საზოგადოების მზარდი მოთხოვნილების უფრო მაღალი სიჩქარით დაკმაყოფილება.

5G-ს ზემოქმედება ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე ექნება – დაწყებული გონიერი მედიცინითა და დისტანციური მართვის მქონე ტექნიკიდან და დასრულებული უფრო ეფექტიანი ენერგოსისტემებითა და მათთან მიერთებული ავტომანქანებით.  

ამ მომავალი ქსელების დასაცავად, ჩვენ მოგვიწია საკუთარი წარმოდგენის შეცვლა უსაფრთხოებაზე, რაც არა მხოლოდ ეროვნულ საკითხს, არამედ საერთო გამოწვევას  წარმოადგენს. ევროკავშირი მუშაობს რეკომენდაციებისა და იმ რისკებს შერბილების ღონისძიებების მომზადებაზე, რომლებიც  5G-სთან არის დაკავშირებული.

7. ბრძოლა ინტერნეტით გავრცელებულ დეზინფორმაციასთან

დედამიწა ბრტყელი არ არის და 5G არ იწვევს COVID-19-ს. ეს, რასაკვირველია, ცხადია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მსგავსი დეზინფრომაცია ინტერნეტის საშუალებით აქტიურად ვრცელდება, რასაც სოციალური მედიაც უწყობს ხელს.

ინტერნეტ დეზინფორმაციას ძალიან შორსმიმავალი შედეგები აქვს. ის საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ დებატებს და რისკის ქვეშ აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას, უსაფრთხოებასა და გარემოს. ამიტომ, ევროკავშირი ახორციელებს მკაფიო, მრავალმხრივ და ფართო ღონისძიებებს ევროპაში ინტერნეტის საშუალებით დეზინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად.

ჩვენი მიზანია, ვიყოთ ლიდერი ონლაინ დეზინფორმაციისა და იმ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებსაც ის უქმნის ჩვენს საერთო ღირებულებებს და დემოკრატიულ სისტემებს.

წყარო: https://bit.ly/3eZDKCG

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2020