fbpx
Skip to main content

ქართველი ფერმერები იტალიაში კოლეგების საქმიანობას გაეცნენ

26/03/2020

„იტალიელი ფერმერული კოოპერატივების წარმატების საიდუმლო ერთმანეთის ურთიერთნდობასა და თანამშრომლობაზეა დაფუძნებული“, – ასე აფასებენ ქართველი ფერმერები იტალიელებს.

თორნიკე კაპანაძე ბოლნისელი ახალგაზრდა ფერმერია. მან რამდენიმე წლის წინ 8 თანამოაზრე შემოიკრიბა და ხატისსოფელში ფერმერული კოოპერატივი „მიგრინო“ შექმნა. კოოპერატივი თავიანი ხახვის მოვლა-მოყვანითა და სასოფლო-სამეურნეო მომსახურებით არის დაკავებული. დაახლოებით ერთი წლის წინ კოოპერატივმა ENPARD-ის საგრანტო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. თორნიკესა და მისი თანაკოოპერატიველების პერსპექტიული ბიზნეს გეგმა, ევროკავშირის პარტნიორმა ორგანიზაციამ „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ მოიწონა და ევროკავშირის საგრანტო პროგრამის ფარგლებში 30%-იანი თანამონაწილეობით 49, 000 ევროს ღირებულების ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა საჩუქრად.

კოოპერატივი „მიგრინო“-ს წევრები თვლიან, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სოფლის მეურნეობის ინვოაციური პრაქტიკების საქართველოში დანერგვა აუცილებელია. სწორედ თორნიკე კაპანაძე გახლდათ ის ფერმერი, რომელმაც იტალიაში დაგეგმილ სასწავლო აგროტურში მიიღო მონაწილეობა.

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის -ENPARD- ის ფარგლებში ესპანურმა საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ ფონდი“მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ” (ACF) ივნისში იტალიაში მოაწყო სასწავლო ვიზიტი. ვიზიტში მონაწილეობას ღებულობდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს კახეთის რეგიონალური სამმართველოს წარმომადგენელი და მეფუტკრეობის, მებოსტნეობის, მეკარტოფილეობის და მევენახეობის სფეროში მოღვაწე 10 კოოპერატივის წევრი ფერმერები ქვემო ქართლის, კახეთის და სამეგრელოს რეგიონებიდან. ქართულ დელეგაციას იტალიაში მასპინძლობდა და სასწავლო ტურს ორგანიზებას უწევდა ტუსკიას უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი ლორენცო ვენზი. სასწავლო ტური მიზნად ისახავდა იტალიაში მოღვაწე კოოპერატივების გამოცდილების გაზიარებას,მათ მიერ წარმოებული პროდუქციის შენახვისა და გადამუშავების თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების გაცნობას. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ჯგუფის წევრებმა მოინახულეს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორში მომუშავე კოოპერატივები, როგორიცაა: მეფუტკრეობა, ხილისა და ბოსტნეულის წარმოება, მეკარტოფილეობა, თხილის წარმოება, გადამუშავება და მევენახეობა-მეღვინეობა.

თორნიკე კაპანაძე ამბობს, რომ ქართული კოოპერატივებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო იტალიელი ფერმერების ღირებულებათა ჯაჭვის გაცნობა. „თითქმის ყველა კოოპერატივი მეორე დონის კოოპერატივში არის გაერთიანებული. თითოეულ კოოპერატივს 100-მდე წევრი ყავს, ზოგს უფრო მეტიც. მეორე დონის კოოპერატივებს წარმოების მთელი ციკლი აქვთ აწყობილი – გარდა იმისა რომ სათბურებში პროდუქცია მოყავთ, კოოპერატივი ზრუნავს პროდუქციის დასაწყობებაზე, მის შეფუთვაზე, ბრენდირებასა და გაყიდვებზე. ასეთ კოოპერატივს ერთიანი სტანდარტის პროდუქცია მოყავს, სუპერმარკეტებში უწყვეტი მიწოდება აქვთ და მათი ბრენდის ცნობადობაც მაღალია“, ამბობს თორნიკე.

სასწავლო ტურის მონაწილე კიდევ ერთი ფერმერი, კახა თოლორდავა, რომელიც თაფლის კოოპერატივს „მუხურის ფუტკარი“ უძღვება, იტალიური კოოპერატივების წარმატების საკუთარ ხედვაზე გვესაუბრება: „იტალიელი კოლეგების წარმატების ერთ-ერთი მიზეზი, კოოპერატივის წევრებს შორის ნდობასა და პარტნიორობაზე დამყარებული ურთიერთობებია. გარდა ამისა კოოპერატივების წევრების რაოდენობა განაპირობებს პროდუქციის ზრდას, რაც ბაზრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირიც ფინანსურად ეხმარება კოოპერატივებს. სახელმწიფოც გარკვეული კოოპერატივებზე მორგებული რეგულაციებით მხარს უჭერს კოოპერაციულ მოძრაობას. მაგალითად, თუ წევრთა რაოდენობა 100-ს აჭარბებს, კოოპერატივი რიგი გადასახადებისგან თავისუფლდება, რაც კოოპერატივების გაძლიერებას უწყობს ხელს“.

სასწავლო ტურის ორგანიზატორი „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“-ის წარმომადგენელი, თამარ ნასყიდაშვილი ამბობს, რომ სასწავლო ტურში აუცილებელი იყო სამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობა, რათა სახელმწიფოსაც თავის მხრივ გაეზიარებინა იტალიის აგროწარმოების წარმატებული პრაქტიკები. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე, ნათია ტატიშვილი ფერმერებთან ერთად გაემგზავრა იტალიაში კოოპერატივების საქმიანობის გასაცნობად. ნათია ტატიშვილის უწყება აქტიურად იყო ჩართული ტურის საორგანიზაციო საკითხებში და მასპინძელ ორგანიზაცასთანაც კარგი საქმიანი ურთიერთობები აქვთ. ნათია ამბობს, რომ იტალიამ შეძლო და ფერმერული კოოპერატივების წარმატებული მოდელი შექმნა. სწორედ ამიტომ გადაწყდა სასწავლო ტურის იტალიაში მოწყობა და იქაური პრაქტიკების საქართველოში რეპლიკაციის გზების დასახვა. „იტალიის კოოპერატივები მას შემდეგ გაძლიერდნენ, რაც მეორე დონის კოოპერატივებში გაწევრიანდნენ და წარმოების ციკლი გააფართოვეს. ამ პროცესში იტალიელ ფერმერებს სახელმწიფოც ეხმარება, მაგალითად თუ კოოპერატივს 100-წევრზე მეტი ყავს, მაშინ მას უადვილდება წვდომა სხვადასხვა სახელმწიფო საგრანტო პროგრამებზე, აქვს გარკვეული საგადასახადო შეღავათები. საქართველოშიც მუშაობს მეორე დონის კოოპერატივების მხარდამჭერი პროგრამები, თუმცა კოოპერატივებს ჩვენთან მეტი გაძლიერება და გაფართოება ჭირდებათ. მეორე დონის კოოპერატივების შექმნა უნდა იყოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი“, ამბობს ნათია ტატიშვილი.

აღსანიშნავია, რომ იტალიის კოოპერატივებს ხანგრძლივი ისტორია აქვს, რადგანაც სწორედ კოოპერაციულმა მოძრაობამ შეუწყო ხელი ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებას მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. ის თავისი ისტორიის 120 წელს ითვლის. პირველი სამომხმარებლო კოოპერატივი იტალიაში 1854 წელს შეიქმნა და კოოპერატივის იდეა იყო მასში ჩართული წევრების წარმოების დანახარჯების შემცირება. 1922 წლიდან ფაშიზმის აღორძინებასთან ერთად კოოპერაციული მოძრაობა შეწყდა იმ მიზეზით, რომ ფაშისტური იდეოლოგია ეწინააღმდეგებოდა ყველანაირი ფორმის დაჯგუფებებს. თუმცა კოოპერაციული მოძრაობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კვლავ გაძლიერდა და შეიქმნა მეორე და მესამე დონის კოოპერატივები, რომლებიც ინდუსტრიულ წარმოებაზე იყვნენ ორიენტირებული.

კოოპერატივების გაძლიერებას იტალიაში სახელმწიფო რეგულაციებმაც შეუწყო ხელი. კოოპერატივებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ მოგების გადანაწილებაში, რამაც ხელი შეუშალა ბევრი კოოპერატივის გაყიდვასა და დაყოფას. ყოველივე ამან, კი საბოლოო ასახვა პოვა კაპიტალის დაგროვებაში, რამაც ხელი შეუწყო კოოპერატივების გრძელვადიან და მდგრად განვითარებას. დღესდღეობით იტალიის სოციალური სერვისების 60% სოციალური კოოპერატივების მეშვეობით მიეწოდება საზოგადოებას, იტალიური აგროწარმოების მთლიანი ბრუნვის 62,4% სწორედ კოოპერატივებზე მოდის.