fbpx
Skip to main content

საქართველოს რეგიონებში COVID-19-ის გავლენის შესამცირებლად ჯანმოს და ევროკავშირის მხარდაჭერით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ტრენინგები ჩატარდა

23/08/2020

Covid-19-ის პანდემიასთან ეფექტურად რეაგირებისთვის გადაუდებელი დახმარების ცენტრის 140 სპეციალისტი გადამზადდა. სამედიცინო პერსონალმა (ამბულატორიების და სასწრაფო დახმარების ექიმებმა, მდედდებმა და მძღოლებმა) სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (SOPs) სპეციალური კურსი გაიარეს, რომლის დახმარებითაც ინფექციის გავრცელების პრევენციასა და პირადი უსაფრთხოების დაცვას უკეთ შეძლებენ.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროგრამის “სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“ ფარგლებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ტრენინგები სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჩატარდა.

პროექტის პარტნიორებმა მკაფიო და პრაქტიკული ინსტრუქციები შეიმუშავეს, რათა სასწრაფო დახმარების ექიმებმა, ექთნებმა და მძღოლებმა კრიტიკულ სიტუაციაში პაციენტებისთვის სათანადო დახმარების გაწევა და ინფექციის პრევენცია უსაფრთხოდ და ეფექტურად შეძლონ.

პროექტის პარტნიორებმა სპეციალური პროტოკოლიც შექმნეს, რომელიც COVID-19–ის ინფექციის საფრთხის ქვეშ მყოფ ჯანდაცვის მუშაკთა რისკებს შეაფასებს.

„ხშირად, პაციენტები 112-ზე დარეკვისას ინფექციისთვის მახასიათებელ ზუსტ სიმპტომებს მალავენ, რაც სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების რისკს ზრდის. ამიტომაც სასწრაფო დახმარების ექიმებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ნორმების დაცვა. აღნიშნული ტრენინგები კი გვასწავლის COVID-19 პანდემიის პირობებში, კონკრეტულ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცეს ექიმი, ექთანი და მძღოლი, რომ საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობა დაიცვას. სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების პრევენცია ვირუსის ბევრად უფრო მასშტაბურ გავრცელებას გვარიდებს თავიდან”- აღნიშნა ილია ბესალაშვილმა, კასპის სასწრაფო დახმარების მენეჯერმა.

ტრენინგებზე გადამზადებული 140 სამედიცინო მუშაკი მიღებულ ინფორმაციას კოლეგებს – 7000-ზე მეტ სპეციალისტს, სოფლის ექიმებს, სასწრაფო დახმარების ჯგუფებსა და მთელ მედპერსონალს გაუზიარებს.

“კოვიდთან ბრძოლის პირველ ეტაპზე, უსაფრთხოების შესახებ მსოფლიოში საკმაოდ მწირი ინფორმაცია იყო, შესაბამისად გვქონდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრების დაინფიცირების შემთხვევებიც. თანამშრომელთა ნაწილი დაინფიცირდა, ნაწილი თვითიზოლაციაში გადავიდა, რამაც დამატებითი ეკიპაჟების მობილიზება გახადა საჭირო. დღეს უკვე შესაბამისი ცოდნისა და აღჭურვილობის წყალობით, გაწერილი გაიდლაინებით, გვაქვს საშუალება მაქსიმალურად დავიცვათ თავი დაინფიცირებისგან. ეს ტრენინგებიც ამ მიმართულებით ძალიან გვეხმარება,” – აღნიშნა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორმა ვასილ დავითაშვილმა.

„კრიზისის შემდგომ პერიოდში, როდესაც საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, ყველა ძალისხმევა ჯანდაცვის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისკენ უნდა მიიმართოს,” – განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, სილვიუ დომენტემ. მისივე თქმით, „ჯანდაცვის მუშაკების – წინა ხაზზე მყოფი ადამიანების დაცვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მათ შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი COVID-19– ის წინააღმდეგ ბრძოლაში. მოხარული ვართ, რომ ტრენინგის მონაწილეებმა თეორიული ცოდნასთან ერთად პირადი დამცავი აღჭურვილობის სწორად გამოყენების უნარებიც შეიძინეს.”

პროგრამის „სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“ პირველ ეტაპზე, COVID-19 წინააღმდეგ ბრძოლაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ძალისხმევა მიმართული იყო ჯანდაცვის სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებებით უზრუნველყოფისკენ და ითვალისწინებდა პირადი დამცავი საშუალებების (PPE) ტვირთის მიწოდებას (1.5 მილიონზე მეტი ერთეული) წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალისა და ლაბორატორიის მუშაკებისთვის. ასევე, Covid-19-ზე ზედამხედველობის და კონტროლის ეროვნული შესაძლებლობების გაზრდის მიზნით ჩატარდა მოსახლეობის ცოდნის, დამოკიდებულებისა და ქცევების კვლევა.

პროექტის დაფინანსება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 400 მილიონი ევროს (დაახლ. 1.5 მილიარდი ლარი) ნაწილია, რომელიც მოწყვლადი ჯგუფების დაცვასა და ეკონომიკურ გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ევროკავშირმა COVID-19 პანდემიასთან საბრძოლველად, მსოფლიოს მასშტაბით €15 მილიარდ ევროზე მეტი გაიღო.

საკონტაქტო ინფორმაცია:

თამილა ზარდიაშვილი, WHO, zardiashvilit@who.int

თამრიკო მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, tamriko.mikadze@eeas.europa.eu