fbpx
Skip to main content

როგორ ვმუშაობთ

ევროკავშირი საქართველოში 130-ზე მეტ პროექტს ახორციელებს. აღნიშნული პროექტები ხორციელდება სხვადასხვა პარტნიორების მიერ, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო კომპანიები, საქართველოს მთავრობა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობები.

დაფინანსების უზრუნველყოფა სხვადასხვა ფორმით ხდება, რომელიც მოიცავს გრანტებს, ტენდერებს,  შერეულ ფორმებს, სესხებსა და დარგის რეფორმირების მხარდამჭერ ხელშეკრულებებს.
წარმოგიდგენთ დაფინანსების სხვადასხვა ფორმებს.  

ევროკავშირმა დაფინანსების განვლილი პერიოდის, 2014-2020 წლის განმავლობაში საქართველოსთან თანამშრომლობის ეფექტიანობისა და გავლენის დეტალური შეფასება გამოაქვეყნა. შემფასებელთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა ევროკავშირის საქართველოსთვის 2014-2020 წლებში განვითარებაზე მიმართულ დახმარების ყოვლისმომცველ შეფასებაზე იმუშავა. 
იხილეთ ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობის ეფექტიანობისა და გავლენის შეფასების დეტალური შედეგები ამ საინფორმაციო ბიულეტენში.
ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკომისიის სათავო ოფისის კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაციით, უკვე დაიწყო ამ რეკომენდაციებიდან ზოგიერთის განხორციელება ახალი პროგრამების შემუშავებისას.

გრანტები

ხშირ შემთხვევაში ევროკავშირი დახმარებას გრანტების სახით უზრუნველყოფს. ფინანსური დახმარების ეს ფორმა თანხის უკან დაბრუნებას არ ითვალისწინებს და როგორც წესი, საგრანტო კონკურსის საფუძველზე გაიცემა. გრანტები არამომგებიანი ორგანიზაციებისათვის არის განკუთვნილი.

გრანტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად: https://ec.europa.eu/international-partnerships/grants_en 

საქართველოში ევროკავშირის დახმარებით 100-ზე მეტი საგრანტო პროექტი მიმდინარეობს, რომლებსაც ძირითადად სამოქალაქო სექტორი ახორციელებს.

ტენდერები

იმ შემთხვევებში, როდესაც ევროკავშირს სურს უზრუნველყოს სპეციფიკური ტექნიკური დახმარება ან აღჭურვილობა, მას შეუძლია გამოაცხადოს ტენდერი.   ტენდერი ცხადდება შემდეგი სახის დახმარების უზრუნველყოფის მიზნით: 

  • მომსახურება (ტექნიკური დახმარება, კვლევები, და სხვ.)
  • აღჭურვილობა და მასალები
  • სამუშაოები (ინფრასტრუქტურა, მშენებლობა, და სხვ.)

ტენდერების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად: https://ec.europa.eu/international-partnerships/tenders_en

თვინინგი

„თვინინგი“ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ბენეფიციარი ან პარტნიორი ქვეყნების ხელისუფლების ორგანოებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის  ინსტრუმენტი.

„თვინინგის“ პროექტები თავს უყრის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ქვეყნების საჯარო სექტორების გამოცდილებას ერთობლივი ღონისძიებების საშუალებით კონკრეტული მიზნების მისაღწევად.

„თვინინგის“ შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად: https://ec.europa.eu/neighbourhood-enlargement/tenders/twinning_en

სესხები, გარანტიები და დაფინანსების შერეული ფორმები  

ევროკავშირი უზრუნველყოფს სესხებს, გარანტიებსა და კაპიტალს, როგორც ფინანსური დახმარების ფორმებს, საკუთარი პოლიტიკისა და პროგრამების მხარდასაჭერად. წარსულში ევროკავშირი ძირითადად იყენებდა პირდაპირ გრანტებს პარტნიორი ქვეყნების განვითარების ხელშესაწყობად. ამჟამად, განვითარებაზე ორიენტირებული დაფინანსების მოცულობის გასაზრდელად, ევროკავშირი მიზნად ისახავს სახელმწიფო და კერძო ფინანსების მოზიდვას. მაგალითად, ევროკავშირი გასცემს სესხებს ყველა სახის ბიზნესებისთვის კვლევებისა და ინოვაციების განსახორციელებლად. ის ასევე უზრუნველყოფს გარანტიებს ბანკებისა და სხვა საკრედიტო ორგანიზაციებიდან ბენეფიციარების მიერ სესხების ადვილად ან უკეთესი პირობებით მიღების ხელშესაწყობად. 

გარანტიებით ჩვენ ვიზიარებთ განვითარებად ქვეყნებში განხორციელებულ ინვესტიციებსა და სესხებთან დაკავშირებული რისკებს იმისათვის, რომ კერძო ინვესტორებმა და განვითარების ბანკებმა მეწარმეები ან განვითარებაზე ორიენტირებული პროექტები დააფინანსონ. ეს ნიშნავს იმას, რომ ზარალის შემთხვევაში, რაც ნაკლებად სავარაუდოა, მის ნაწილს ევროკავშირი აანაზღაურებს.

გარანტიებისა და დაფინანსების შერეული ფორმების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად: https://ec.europa.eu/international-partnerships/guarantees-and-blending_en

დარგობრივი რეფორმების მხარდამჭერი ხელშეკრულება

დარგობრივი რეფორმების ხელშემწყობი ხელშეკრულებები წარმოადგენს საბიუჯეტო დახმარების ფორმას და ევროკავშირის საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს. დახმარების ეს ფორმა ითვალისწინებს პირდაპირ ფინანსურ გადარიცხვებს იმ პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო ხაზინაში, რომლებიც მდგრადი განვითარებისაკენ მიმართულ რეფორმებს ახორციელებენ.

აღნიშნული დახმარება ემსახურება პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობას, ეფექტიანობის შეფასებასა და შესაძლებლობების გაძლიერებას. საბიუჯეტო დახმარება ხშირად დახმარების სხვა ფორმებით არის გაძლიერებული.

საბიუჯეტო დახმარების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად: https://ec.europa.eu/international-partnerships/budget-support_en

დაბრუნება