fbpx
Skip to main content

რა იცის საქართველოს საზოგადოებამ მედიაციისა და არბიტრაჟის შესახებ

30/09/2020

ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ გამოაქვეყნეს დავების მოგვარების ალტერნატიული გზების მიმართ საზოგადოებრივი დამოკიდებულების კვლევა

საქართველოს მოსახლეობამ არ იცის, როგორ მოაგვაროს კომერციული თუ სამოქალაქო დავები სასამართლო განხილვის გარეშე. თუმცა მდგომარეობა თანადათან იცვლება და საზოგადოებაში მატულობს ინტერესი დავების მოგვარების ალტერნატიული გზების – მედიაციისა და არბიტრაჟის მიმართ. ასეთია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის(link is external) შედეგები, რომელიც შეისწავლის საზოგადოების ცნობიერებას დავების ალტერნატიული მოგვარების საკითხებში.

„მედიაცია და არბიტრაჟი სასამართლო განხილვის ხელმისაწვდომი ალტერნატივაა. ამ მექანიზმების დამკვიდრებით საქართველომ გააფართოვა მართლმსაჯულებაზე წვდომა, როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე ბიზნესისთვის“, –  განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იცოდეს მედიაციისა და არბიტრაჟის შესახებ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანები საკუთარი უფლებების დაცვის კარგ და ხელმისაწვდომ შესაძლებლობას გაუშვებენ ხელიდან. ჩვენი კვლევის მიზანია ფართოდ  გავავრცელოთ ეს ინფორმაცია, რათა ყველას ჰქონდეს  არჩევანის გაკეთების  შესაძლებლობა“, – დასძინა მან.

„უკვე მრავალი წელია ევროკავშირი ხელს უწყობს არბიტრაჟისა და მედიაციის განვითარებას, რაც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისა და კერძო სექტორის უფრო ფართო დახმარების ნაწილია“, – აღნიშნა კატალინ გერმანმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების  უფროსის მოადგილემ. „მართლმსაჯულებაზე მრავალმხრივი და მარტივი წვდომა უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც მოქალაქეებისთვის, ისე კომპანიებისთვის, მათი სამოქალაქო და ეკონომიკური ინტერესების დასაცავად.“

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობისა და ბიზნესის 80 პროცენტს არ სმენია მედიაციის შესახებ. საქართველოს მოსახლეობის 70 პროცენტს და ბიზნეს-კომპანიების 54 პროცენტს არ სმენია არბიტრაჟის შესახებ. თუმცა დამატებითი ინფორმაციის მიღების შემდეგ, როგორც მოქალაქეთა, ასევე ბიზნესის წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი აცხადებს, რომ უპირატესობას მიანიჭებდა მედიაციასა და არბიტრაჟს სასამართლოსთან შედარებით.

მედიაციისა და არბიტრაჟის მომხმარებლები უმეტესწილად კმაყოფილები არიან, როგორც დავის მოგვარების პროცესით, ასევე მიღებული მომსახურებით. არბიტრაჟის მომხმარებელთა 90 პროცენტი და მედიაციის მომხმარებელთა 56 პროცენტი დავების მოგვარების ალტერნატიულ მეთოდებს დადებითად აფასებს.

მედიაციისა და არბიტრაჟის უპირატესობებად სახელდება დაბალი საზღაური და დავის მოკლე ვადაში მოგვარების შესაძლებლობა. მედიაციის ნაკლად განიხილება პროცესზე დახარჯული დრო, იმ შემთხვევაში, თუ მხარეები მორიგებას ვერ მიაღწევენ. არბიტრაჟის ნაკლად კი სახელდება ის ფაქტი, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ევროკავშირისა და UNDP-ის კვლევა განხორციელდა ქართული კვლევითი კომპანიის „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) მიერ 2019 წლის აგვისტოდან 2020 წლის აგვისტოს ჩათვლით. მიგნებები ეფუძნება პირისპირ ინტერვიუებს 1,500 მოქალაქესთან საქართველოს ცხრა ქალაქში და ონლაინ ინტერვიუებს 1,255 კერძო კომპანიის წარმომადგენლებთან.

საქართველოში კანონი მედიაციის შესახებ 2019 წელს ამოქმედდა. კანონის მიღებას წინ უძღოდა მრავალწლიანი მოსამზადებელი სამუშაო, რომელშიც ჩართულები იყვნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის  ევროკავშირი  და გაეროს განვითარების პროგრამა. ამავე წელს შეიქმნა მედიატორთა ასოციაცია, რომლის მიზანია მედიატორთა მხარდაჭერა და განათლება, მათი საქმიანობის რეგულირება და საზოგადოების ინფორმირება მედიაციის შესახებ.

კომერციული დავების არბიტრაჟის გზით მოგვარების პრაქტიკა საქართველოში უკვე ათ წელიწადზე მეტს ითვლის, რაც საქართველოს მთავრობის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. 2013 წლიდან ამოქმედდა არბიტრაჟის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ორი ორგანიზაცია –  საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) და საქართველოს არბიტრთა ასოციაცია (GAA). 2020 წელს, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით, საქართველოს წამყვანმა საარბიტრაჟო ორგანიზაციებმა ხელი მოაწერეს ეთიკის კოდექსს და პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დაცვაზე შეთანხმდნენ.

ევროკავშირის მასშტაბური პროგრამების – EU4Justice და  EU4Business ფარგლებში, ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობენ საქართველოში დავების ალტერნატიულ მოგვარების მექანიზმების განვითარებას. ეს დახმარება იმ უფრო ფართო ხელშეწყობის ნაწილია, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმების გატარებას და კერძო სექტორის განვითარებას ემსახურება.

იხილეთ ქვემოთ კვლევის ძირითადი მიგნებები:

საკონტაქტო ინფორმაცია