fbpx
Skip to main content

პერსონალური მონაცემების დაცვა პანდემიის პირობებში

28/01/2021

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნული მექანიზმების გაძლიერებას საქართველოში

პანდემიის შედეგად განათლებასთან, ჯანდაცვასა და სხვა სფეროებთან დაკავშირებული სერვისების ნაწილი ონლაინ ფორმატში გადავიდა. შედეგად, პერსონალურ მონაცემთა დიდი რაოდენობა ციფრულ სივრცეში აღმოჩნდა, ხოლო მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.

ასეთია საინფორმაციო კამპანიის მთავარი შეტყობინება, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის ინიციატივით პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღის აღსანიშნავად მიმდინარეობს.

ერთკვირიანი კამპანია, რომელიც 22 იანვარს დაიწყო და 28 იანვარს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღეს დასრულდა, ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის (OHCHR) ხელშეწყობით განხორციელდა.

კამპანიაში ჩაერთნენ როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სკოლები, უნივერსიტეტები და მოქალაქეები.

საინფორმაციო კამპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სხვადასხვა ასპექტი მოიცვა. მათ შორისაა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება, სოციალური მედიის გამოყენება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით ახალი საუნივერსიტეტო პროგრამების დანერგვა.

„მნიშვნელოვანია, რომ როგორც საზოგადოება, ასევე საჯარო და კერძო სექტორებში დასაქმებული პირები, სრულ ინფორმაციას ფლობდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის შესახებ. საქართველოს მთავრობა ყველა ზომას ატარებს არსებული კანონმდებლობის დახვეწისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის მიზნით“, – განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ.

საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად კერძო და საჯარო დაწესებულებებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიცია დაინერგება. ეს სავალდებულო მოთხოვნა გათვალისწინებულია კანონპროექტით ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“,  რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს პარლამენტში განსახილველად 2019 წელს წარადგინა.

ახალი კანონის მიღებით საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების გზაზე.

“პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის უფლება დემოკრატიული საზოგადოების საკვანძო ღირებულებაა. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში ძლიერი ეროვნული ინსტიტუტების  შექმნას, რომლებიც პერსონალურ მონაცემთა დაცვას უზრუნველყოფენ და მოქალაქეებს მათი უფლებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

„პირადი ინფორმაციის დაცვა ადამიანის უფლებაა, რომლის უგულებელყოფა კრიზისულ ვითარებაშიც კი დაუშვებელია. პანდემია ხშირად გვიბიძგებს, რომ არსებული გამოწვევების გადასალახად მარტივი გზები ავირჩიოთ. თუმცა ასეთ დროს, როდესაც პერსონალურ მონაცემთა ესოდენ დიდი რაოდენობა ონლაინ სივრცეშია, მათ დასაცავად განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. გაეროს განვითარების პროგრამა მზადაა ხელი შეუწყოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რათა საქართველომ წარმატებით გაართვას თავი ამ ამოცანის შესრულებას“, – აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღეს, 28 იანვარს გამართულ ონლაინ კონფერენციაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა და საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში უმაღლესი განათლების გაუმჯობესების, სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნისა და სასწავლო დისციპლინის დანერგვის შესახებ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა და საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა (სეუ) ასევე დააჯილდოვეს სამი სტუდენტი, რომელთა ნამუშევრებმა სტუდენტური ესეების კონკურსში გაიმარჯვა.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ასევე გაიმართა ონლაინ  შეხვედრა სტუდენტებთან, ფოტო-კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის ფეისბუკ ლაივი სოციალური მედიის უსაფრთხოდ გამოყენების საკითხებზე და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრაქტიკის ანალიზის წარდგენა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემებისა და არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავებისა და გამოყენების შესახებ.

ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი (OHCHR) 2013 წლიდან მხარს უჭერენ საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვას. საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურმა ჩართულობამ ხელი შეუწყო  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტის დაარსებას, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენდა.

ამ დახმარების შედეგად ჩამოყალიბდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკანონმდებლო ჩარჩო, გაიზარდა საზოგადოებრივი ცნობიერება, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამშრომლებმა პროფესიული ტრენინგი და მომზადება გაიარეს.

ევროკავშირისა და გაეროს ხელშეწყობა გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც 2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილება გაიზარდა და უწყების მანდატს საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაც დაემატა.

ევროკავშირისა და გაეროს დახმარება ხორციელდება მათი ახალი ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ფარგლებში, რომელიც 2023 წლამდე გაგრძელდება და რომლის მთლიანი ბიუჯეტი 2.5 მილიონ ევროს (3 მილიონ აშშ დოლარს) შეადგენს.       

საკონტაქტო ინფორმაცია