fbpx
Skip to main content

მსოფლიო საზღვაო დღე: საქართველოს საზღვაო სფერო ევროპის სტანდარტებს უახლოვდება

24/09/2020

მსოფლიო საზღვაო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განცხადება გაავრცელა:

„გილოცავ მსოფლიო საზღვაო დღეს, საქართველო!

ისტორიულად, წყალი ადამიანებსა და კონტინენტებს შორის გამყოფიც იყო და გამაერთიანებელიც. ევროკავშირი და საქართველო ერთად ცდილობენ, რომ შავი ზღვა თანდათან იქცეს იმ ხიდად, რომელიც ჩვენს გაერთიანებასა და დაახლოებას შეუწყობს ხელს. ევროკავშირსა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობა ის წარმატებაა, რომელზეც ჯერ კიდევ ბევრია მოსაყოლი. ჩვენ ერთად უზრუნველვყავით სფეროს განვითარება და მოდერნიზება, გავზარდეთ გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტები იმისთვის, რომ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს ამ სფეროში მუშაობით და ხელი შეუწყოს მის მდგრად განვითარებას, რაც ასე მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის. ასევე, იმისთვის, რომ განხორციელდეს  საქართველოს გეგმა, რომელიც რეგიონში მის სატრანსპორტო და დამაკავშირებელ კვანძად ქცევას ითვალისწინებს. დღეს საქართველოს უკვე 12,000-ზე მეტი მეზღვაური ჰყავს და მათი ყოველწლიური შენატანი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით ხუთასი მილიონი ლარია. გასულ წელს, 40% -ით გაიზარდა საკონტეინერო ტვირთბრუნვა საქართველოს პორტებში, რაც შემდგომი ზრდის პოტენციალის მაჩვენებელია. ჩვენ ერთად შევძელით ის, რომ ევროკავშირის 22 დირექტივიდან და რეგულაციიდან საქართველოს უკვე დანერგილი აქვს 16.  ამჟამად ერთად ვმუშაობთ საქართველოს პირველ საზღვაო სტრატეგიაზე; ამ ერთობლივმა შრომამ უკვე მისცა საქართველოს მეზღვაურებს საშუალება, რომ მათი განათლება და სერტიფიკატები აღიარებულიყო ევროპის 20 სახელმწიფოს მიერ, რაც საქართველოს მეზღვაურებს ევროპულ გემებზე არა მხოლოდ მუშაობის, არამედ კაპიტნობის შესაძლებლობასაც კი აძლევს. ნება მომეცით დავასრულო ეს განცხადება გულწრფელი მადლობით საქართველოს ყველა  მეზღვაურისა და საზღვაო სფეროში მომუშავე ადამიანის მიმართ, რომლებიც COVID- ის ამ რთულ დღეებში 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ, რათა საქართველოს პორტებში საქონელი და მარაგები უწყვეტად შემოსულიყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა“.

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარებას სხვადასხვა პროექტებისა და პროგრამების საშუალებით, რომელიც ეხება მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, სანავიგაციო უსაფრთხოების გაძლიერებას, საზღვაო გარემოს დაცვას, და ასევე განათლებისა და სწავლების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას. ყველა ეს რეფორმა მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს ქვეყნას იმ გეგმების განხორციელებაში, რომლებიც შეეხება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მდგრადი საზღვაო ტრანსპორტირების სისტემისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და საკანონმდებლო ბაზის შექმნას, ახალი ტექნოლოგიისა და ინოვაციების დანერგვას, ენერგოეფექტურობას, გაციფრულებას, საზღვაო / პორტის მომსახურებების ინტეგრაციასა და სხვა.

ევროკავშირი განაგრძობს უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს საზღვაო სექტორის შემდგომი გაძლიერებისა და მდგრადი განვითარებისათვის. ყოველივე ზემოთქმული, საქართველოში უზრუნველყოფს საზღვაო სექტორის სწორ და ეფექტურ მენეჯმენტს, რაც საფუძველს ჩაუყრის ახალ შესაძლებლობებს, შემდგომ განვითარებასა და მეტი ინვესტიციების მოზიდვას, ასევე მყარ საფუძველს შექმნის ქვეყნის შემდგომი მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად.

ევროკავშირი სიამაყით უწევს საქართველოს მთავარ პარტნიორობას ამ პროცესში და მსოფლიო საზღვაო დღესთან დაკავშირებით იწყებს საინფორმაციო კამპანიას, რომელიც ხაზს უსვამს როგორც იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია, ასევე სამომავლო პერსპექტივებს:

  • საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზღვაო განათლების შესაძლებლობები საქართველოში და, შედეგად, ხარისხიანი დასაქმება
  • ევროკავშირის სტანდარტების დანერგვისა და საზღვაო ტრანსპორტის სახელმწიფო სტრატეგიის მიღების შედეგად გაჩენილი ეკონომიკური შესაძლებლობები
  • უწყვეტი მუშაობა შავი ზღვის გარემოს დაცვის უზრუნველყოფის მიზნით

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ:
www.eu4georgia.ge/maritime
www.facebook.com/europeanunioningeorgia
 
დამატებითი ინფორმაცია
ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული ბოლოდროინდელი რეფორმების შედეგად, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია საზღვაო სექტორში:

ზღვა საქართველოს მომავალია: განათლება და დასაქმება

  • ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს საზღვაო სექტორში განხორციელდა სხვადასხვა სტრუქტურული, საკანონმდებლო და საგანმანათლებლო რეფორმები.
  • განათლებისა და სერტიფიცირების კუთხით მიმდინარე რეფორმების შედეგად, მსოფლიოს 54 ქვეყანა ცნობს საქართველოს მიერ გაცემულ მეზღვაურის სერტიფიკატებს, მათ შორის არის ევროკავშირის 20-მდე წევრი ქვეყანა.
  • ბოლოდროინდელი განათლებისა და სერტიფიცირების რეფორმების წყალობით, საქართველოს მეზღვაურების უმრავლესობა ამჟამად დასაქმებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ან ევროპული გემთმფლობელების გემებზე, რაც უზრუნველყოფს მათი უსაფრთხოების დაცვას, სოციალური დაცვის გარანტიებსა და საზღვაო ფლოტის თანამედროვე სტანდარტებს.
  • საქართველოს მეზღვაურების სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიური შენატანი დაახლოებით ნახევარ მილიარდ ლარამდე გაიზარდა

გაიგეთ მეტი საზღვაო რეფორმების შესახებ თუ როგორ უწყობს ის ხელს საქართველოს მეზღვაურთა დასაქმების, განათლებისა და სერტიფიცირების პროცესების გაუმჯობესებას, იხილეთ ვიდეო: https://youtu.be/cK55YDRXr8s

საქართველოს საზღვაო სფერო ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება: ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმები

  • უსაფრთხო, დაცული და ეფექტური საერთაშორისო გადაზიდვების ინდუსტრია ქვეყნის სამომავლო მდგრადი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი კომპონენტია, საქონლის აბსოლუტური უმრავლესობა საზღვაო გზით იმპორტირდება.
  • საზღვაო ინდუსტრია ქვეყანაში სწრაფად ვითარდება. 2019 წელს საქართველოს ნავსადგურებში 43% -ით გაიზარდა საკონტეინერო ტვირთბრუნვა. საქართველოს პორტები, პანდემიის პირობებშიც კი 24-საათიანი სამუშაო რეჟიმის შედეგად უწყვეტად ამარაგებენ ქვეყანას აუცილებელი პროდუქტებით, საქონლითა და სამედიცინო აღჭურვილობით.
  • ევროკავშირის მხარდაჭერით, პირველად საქართველოს ისტორიაში 2021 წელს ქვეყანას ექნება საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს საზღვაო ინდუსტრიის საკვანძო კომპონენტებს სტრატეგიული განვითარების მიზნებსა და მათი განხორციელების გზებს.
  • ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისი 22 დირექტივიდან და რეგულაციიდან 16 უკვე დანერგილია და ხელს უწყობს სექტორის უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, განათლებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.
  • ყოველივე ეს გაზრდის საზღვაო სექტორის კონკურენტუნარიანობას, ამ სექტორში დასაქმებული ადამიანები ისარგებლებენ გარკვეული სტანდარტების შესაბამისი სამუშაო პირობების ხარისხითა და უსაფრთხოებით. ყველა ეს რეფორმა მნიშვნელოვნად გაზრდის სექტორის მიმზიდველობას ინვესტორებისთვის და დაეხმარება საქართველოს ჩამოყალიბდეს მოწინავე ქვეყნად საზღვაო სფეროში.

ევროკავშირის მხარდაჭერით, 2021 წელს, პირველად მის ისტორიაში საქართველოს ექნება საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგია. დოკუმენტის მნიშვნელობისა და სექტორში განხორციელებული სხვა რეფორმების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის უყურეთ ვიდეოს: https://youtu.be/YrKoOAu26Mo

სუფთა ზღვა უკეთესი გარემოსთვის

  • ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, საქართველომ მიიღო თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობა, რაც შავი ზღვის სანაპირო ზოლის გარემოს რეგულარული კვლევების ჩატარების საშუალებას იძლევა
  • ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და შესაძლებლობების განვითარების კუთხით გაწეული მხარდაჭერა საქართველოს ექსპერტებს საშუალებას მისცემს განსაზღვრონ, თუ რა შემდგომი ზომების მიღება არის საჭირო შავი ზღვის სანაპიროს გარემოს გაუმჯობესების მიზნით.
  • ევროკავშირი ხელს უწყობს საზღვაო გარემოს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას

შავი ზღვა უნიკალური აქტივია საქართველოსთვის, მაგრამ ის საკმაოდ დაბინძურებულია. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს შავი ზღვის წყლის ხარისხის გაუმჯობესების, შესაძლებლობების განვითარებისა და ტექნიკური დახმარების გზით. დამატებითი ინფორმაცია ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესის შესახებ იხილეთ ვიდეოში: https://youtu.be/OMzqygQU-z8
საერთაშორისო გადაზიდვები მსოფლიო ვაჭრობის 80%-ზე მეტს შეადგენს. საზღვაო გადაზიდვა ტრანსპორტირების ყველაზე ეფექტური და ეკონომიური მეთოდია; ეს უზრუნველყოფს გლობალური საქონლის საიმედო და დაბალფასიან  ტრანსპორტირებას, ვაჭრობის ხელშეწყობასა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას.
მდგრადი გადაზიდვებისა და მდგრადი საზღვაო განვითარების ხელშეწყობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს, ისევე როგორც საქართველოსთვის, როგორც ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნისთვის.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ინგა ნიკაგოსიანი
EU4Georgia III
სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი
+995 577 293979
inga@commwithus.eu

ნატა კასრაძე
EU4Georgia III
გარემოს დაცვის მიმართულების
კომუნიკაციების უფროსი კოორდინატორი
+995 577 777 930
nata@commwithus.eu