fbpx
Skip to main content

იმუნიტეტის გაძლიერება დეზინფორმაციის წინააღმდეგ

21/01/2021

დღეს ვაქცინა არის პასუხი COVID-19-ის პანდემიით შექმნილ გამოწვევებზე, რომლებმაც უარყოფითი ზემოქმედება მოახდინეს სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე მთელ მსოფლიოში.

ვაქცინაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას  წარმოადგენს. ის, რომ ჩვენ ისეთი დაავადებების შესახებ, როგორიცაა ყვავილი, ისტორიის წიგნებიდან და არა ახალი ამბებიდან ვიგებთ, სწორედ ვაქცინების დამსახურებაა, რომლებმაც ეს დაავადებები სრულად აღმოფხვრეს.

თუმცა, პანდემიის დაწყებისთანავე გაჩნდა დიდი რაოდენობით დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები ვაქცინების შესახებ. „ვაქცინაციის შიში“ უკვე დიდი ხანია არსებობს საინფორმაციო სივრცეში, რომელსაც წარმატებით იყენებენ სხვადასხვა წარმომავლობის დეზინფორმაციის გამავრცელებლები.

2018 წელს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამერიკულმა ჟურნალმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, 2014 – 2017 წლებში Twitter-ზე ვაქცინების შესახებ გამოქვეყნებული  შეტყობინებების 93 პროცენტზე მეტი ბოროტი განზრახვის მქონე ანგარიშებზე მოდის. აღნიშნული ანგარიშებიდან, რომელთაგან ზოგიერთი  სანქტ-პეტერბურგში, რუსეთში მდებარე  ავადცნობილ “ტროლების ფაბრიკას” უკავშირდებოდა, Twitter-ზე გავრცელდა როგორც ვაქცინაციის მხარდამჭერი, ასვე საწინააღმდეგო განცხადებები საზოგადოებაში გაურკვევლობისა და ეჭვის გაჩენის და ვაქცინაციის მიმართ ნდობის შერყევის მიზნით.

გლობალურმა პანდემიამ, რომელსაც თან ახლდა ის, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ “ინფოდემია” უწოდა, ხელი შეუწყო ვაქცინაციის საწინააღმდეგო  დეზინფორმაციის გავრცელებას. მართლაც, ვაქცინები და ზოგადად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები, ყველა სახის დეზინფორმაციისათვის ნაყოფიერ ნიადაგს წარმოადგენს.

ეს არის კომპლექსური თემები, რომლებიც გვიბიძგებს ინფორმაციის მოძიებისკენ (განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ახალი კორონავირუსის შესახებ ცოტა რამ იყო ცნობილი), და ამავე დროს, შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი ემოციები, როგორიცაა ცნობისმოყვარეობა, შიში, შფოთი და მღელვარება.  კვლევებმა აჩვენა, რომ „სიახლისა“ და ემოციების ნაზავი ხელს უწყობს სიცრუის სიმართლეზე 6-ჯერ უფრო სწრაფად გავრცელებას.

სწორედ ამიტომ არის ვაქცინაციის საწინააღმდეგო განცხადებები ასე მიმზიდველი  დეზინფორმაციის შექმნასა და გავრცელებაში მონაწილე ბევრი მხარისთვის, მათ შორის უცხო ქვეყნებისთვისაც. ისინი გამოიყენება საზოგადოებაში უთანხმოების დასათესად, შიშისა და სოციალური პოლარიზაციის გასაძლიერებელად და, რაც მთავარია, ჯანდაცვისა და სახელისუფლებო ორგანოების, მეცნიერებისა და მედიის მიმართ ნდობის შესასუსტებლად.

ძალიან ხშირად, ვაქცინებთან დაკავშირებული ყალბი ინფორმაცია აგებულია “სიმართლის მარცვლის” გარშემო, რაც მათ უფრო სარწმუნოს და გადასამოწმებლად რთულს ხდის. მაგალითად, COVID-19-ის ვაქცინის ერთ-ერთი მწარმოებლის დისკრედიტაციის მიზნით, რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებულმა მედიამ გამოიყენა სიმართლის ნაწილი, კერძოდ, ის, რომ ვაქცინა შემუშავებულია შიმპანზეს ვირუსული ვექტორის გამოყენებით და მას “მაიმუნის ვაქცინა” შეარქვა. ამ მეტსახელის შერქმევის მიზანს არა მხოლოდ ვაქცინის მწარმოებლის დაცინვა, არამედ ვაქცინის უსაფრთხოებასა და „სისუფთავეზე“ ეჭვის დათესვა წარმოადგენდა.

როგორ მოვიქცეთ?

ისევე, როგორც ვაქცინებს შეუძლიათ ვირუსების, მათ შორის COVID-19-ის, წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავება, ჩვენც შეგვიძლია შევიქმნათ იმუნიტეტი დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ეს ჩვენ თვითონ შეგვიძლია გავაკეთოთ. ჰიგიენა, როგორიცაა ხელების ხშირი დაბანა, გვეხმარება COVID-19-გან დაცვაში. ანალოგიურად, ინფორმაციულ ჰიგიენას შეუძლია შეანელოს საზიანო ყალბი ინფორმაციის გავრცელების სიჩქარე, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში.

ინფორმაციული ჰიგიენის დასაცავად, გააკეთეთ პაუზა და ინფორმაციის გაზიარებამდე ან მასზე რეაგირებამდე – დაფიქრდი. ჰკითხეთ საკუთარ თავს:

  • სანდოა თუ არა ინფორმაცია. ხშირად ახალი ამბები საკმაოდ მოსაწყენია, გარდა იშვიათი შემთხვევებისა, როგორიცაა, მაგალითად   ამბავი ორ ადამიანზე, რომლებმაც ყინულიანი წყლიდან ძაღლი ამოიყვანეს და გადაარჩინეს, თუმცა ის მგელი აღმოჩნდა! თუ ინფორმაციამ დაგაინტერესათ, გააკეთეთ პაუზა და შეამოწმეთ: ავრცელებს თუ არა ამ ინფორმაციას სხვა წყაროებიც; საიდან იცით, რომ ეს სიმართლეა? მიაქციეთ ყურადღება, როგორ არის გამოყენებული ფოტოები გრაფიკა, ემოჯიები, სათაურები – ცდილობენ თუ არა რაიმე განსაკუთრებული ემოციის გამოწვევას. თანაც გახსოვდეთ, დიდი რაოდენობით მიმდევარი არ ნიშნავს იმას, რომ სოციალური მედიის ანგარიში სანდო წყაროა!
  • ვინ არის სტატიის ავტორი? შეგიძლიათ მისი ძველი ნამუშევრები მოიძიოთ? ნამდვილ ჟურნალისტს და ექსპერტს ყოველთვის აქვს სამსახურეობრივი ისტორია, რომლის მოძიება საკმაოდ ადვილია. Facebook-ის მეგობარი ყოველთვის არ არის ექსპერტი კონკრეტულ საკითხში და თუ ექპერტს გადააწყდებით, დარწმუნდით, რომ მას შესაბამის სფეროში აქვს ცოდნა.
  • რა არის განცხადებების წყარო? დეზინფორმაციის გამავრცელებლები ხშირად ყალბ, ანონიმურ „შიდა“ წყაროებს იმოწმებენ, რომლებიც ხშირად არც კი არსებობს! (ამის ყველაზე კარგი მაგალითია ე.წ. Q-anon კონსპირაცია). განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ისეთ შემთხვევებში, როდესაც ეს ანონიმური წყაროები ისეთ ზოგად განცხადებებს აკეთებენ, რომელთა გადამოწმება შეუძლებელია. ისეთი განცხადებები, როგორიცაა „ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია“, „ისე არ არს, როგორც გვეჩვენება“, „მათ არ უნდათ, რომ თქვენ სიმართლე იცოდეთ“, „არსებობს საიდუმლო დღის წესრიგი“  – დეზინფორმაციაზე მიუთითებს. ვაქცინების შემთხვევაში, ვაქცინების მწარმოებლებისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობის შერყევის მიზნით, დეზინფორმაციის გამავრცელებლები ხშირად იყენებენ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა “მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები“ და “მეინსტრიმული მედია” დამამცირებელი ფორმით.
  • სანდოა თუ არა მედია საშუალება. სანდო და პროფესიონალური მედია შეთქმულების თეორიებს არაა აყოლილი. ის ცალმხრივ მოსაზრებებს მიჯნავს ახალი ამბებისგან და მათ მხოლოდ შეხედულებებისა და კომენტარების ნაწილში აქვეყნებს. ავტორიტეტული მედია დადგენილ სტანდარტებს იცავს: სტატიას ერთზე მეტი წყარო უნდა ჰქონდეს და ასახავდეს სხვადასხვა შეხედულებებს მოცემულ საკითხზე დაბალანსებული ინფორმაციის მოსაწოდებლად. თუ რამეში ეჭვი შეგეპარათ, გაეცანით მედია საშუალების შესახებ ინფომაციას გრაფებში „ჩვენს შესახებ“ და „დაგვიკავშირდით“. თუ აღნიშნული მედია ნამდვილად სანდო წყაროა, მის გვერდზე იპოვით იქ მომუშავე ჟურნალისტების ჩამონათვალს  და ინფორმაციას ორგანიზაციისა და მისი დაფინანსების წყაროების შესახებ.

იცოდეთ! თუ დაიბენით და არ ხართ დარწმუნებული ინფორმაციის სისწორეში, გაეცანით, რას აკეთებს ევროკავშირი კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად:  

 ევროკავშირის მხარდაჭერა ვაქცინაციას და #VaccinesWork

• ბლოგ პოსტი: ვაქცინები: ყველაფერი, რაც უნდა იცოდე!

• COVID-19 ვაქცინები: შექმნა, შეფასება, დამტკიცება და მონიტორინგი

• გაიგე მეტი ევროკავშირის ვაქცინაციის სტრატეგიის შესახებ

 ევროპის ვაქცინაციის საინფორმაციო პორტალი

• 15.9 მილიარდი ევრო კორონავირუსთან გლობალური ბრძოლისთვის

ყოველთვის კარგი იდეაა გაიგოთ, თუ რას ამბობენ ფაქტების გადამმოწმებლები.  გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს:

• კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის მონაცემთა ბაზა – FIRSTDRAFT

• ფაქტების გადამმოწმებლები: PolygraphStopFakeSnopes, და Politifact

• იპოვეთ ფაქტების ადგილობრივი გადამმოწმებლები ამ სიაში ან მოძებნეთ ორგანიზაციები რომლებიც Facebook-თან თანამშრომლობენ

• დეზინფორმაციის გამოვლენა და განმარტება – Digital Forensics Lab

და ბოლოს, ეწვიეთ ვებგვერდს EUvsDisinfo პროკრემლისტური, მათ შორის ვაქცინების შესახებ, დეზინფორმაციის უახლესი მაგალითების სანახავად.