fbpx
Skip to main content

თოკების პარკი – თეთრიწყაროს LAG-ის მიერ დაფინანსებულმა ატრაქციამ რეგიონს ახალი სიცოცხლე შემატა

05/10/2020

დედაქალაქიდან არც ისე შორს, ალგეთის პარკში არსებული ატრაქცია უკვე მეორე წელია ვიზიტორებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ავსებს. თოკების პარკი 2019 წლიდან ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარლებში ფუნქციონირებს. როგორც ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) აღმასრულებელი დირექტორი ნინო ტიკურიშვილი გვიყვება, არსებული პროექტის დაფინანსება რეგიონში აუცილებლობას წარმოადგენდა:

 „თეთრიწყაროში იმ ეტაპისთვის გამოკვეთილი იყო პრობლემები ტურიზმის მიმართულებით, არ იყო შექმნილი საჭირო ინფრასტრუქტურა და სივრცე, რომლის მეშვეობითაც ტურისტის გაოცებას გამოვიწვევდით. თოკების პარკის იდეით თავიდანვე მოვიხიბლეთ – ეს იყო ინოვაციური და დროული პროექტი.“

აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებულ პარკებთან შედარებით, ალგეთის ეროვნულ პარკში არსებული ატრაქცია მასშტაბური და მრავალფეროვანია, ამ ყველაფერს კი ემატება დედაქალაქთან სიახლოვე და ის რეკრეაციული გარემო, სადაც ატრაქციაა მოწყობილი.

ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის გასამდიდრებლად, ალგეთის ეროვნული პარკის პოპულარიზაციისთვის, ტურისტების ნაკადის გასაზრდელად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად და, ამგვარად, დაბისა და უშუალოდ ალგეთის ეროვნული პარკისათვის საკუთარი შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, უამრავი იდეა მუშავდებოდა. თუმცა, როგორც ალგეთის ეროვნული პარკის დირექტორი ავთანდილ მჭედლიძე აღნიშნავს, საბოლოოდ თოკების პარკის ატრაქციის იდეა ყველამ ერთხმად მოიწონა:

„იდეა ძალიან მომწონდა და ვიცოდი, რომ ზემოხსნებული მიზნის მიღწევაში აუცილებლად დაგვეხმარებოდა. სწორედ ამ დროს, თეთრიწყაროს LAG-მა ევროკავშირის მხარდაჭერით საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. პირველ ეტაპზე, აღვწერეთ უშუალოდ პროექტი, მოგვიანებით, კი დეტალურად ჩავშალეთ, რა ოდენობის შემოსავალს მოუტანდა დაბა მანგლისს ეს პროექტი – რა რაოდენობის ვიზიტორს ვუპასპინძლებდით, როგორ დავიცავდით უსაფრთხოების სტანდარტებს და სხვა. პროექტმა LAG-ის შეფასების კომისიის მიერ მოწონება დაიმსახურა და შემდგომში მოვიპოვეთ კიდეც დაფინანსება“.

თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ მოწონებულმა და დაფინანსებულმა პროექტმა კი ფუნქციონირების დღიდანვე (2019 წლის 1-ლი აგვისტო) მოუტანა ფინანსური სარგებელი არამხოლოდ ალგეთის ეროვნულ პარკს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობას. ამ ატრაქციაზე მოსულ ვიზიტორებს სჭირდებათ კვება, ღამის გათევა, ტრანსპორტით უზრუნველყოფა, ხშირად სურთ საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკების გავლაც. ამ სერვისებს ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფს, რაც ავითარებს ეკოტურიზმს დაცულ ტერიტორიებზე და პარკის ფუნქციონირებით ადგილობრივი მოსახლეობაც იღებს სარგებელს.

დაბა მანგლისს განსაკუთრებით დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. აღსანიშნავია, რომ თოკების პარკში მისული ვიზიტორები სარგებლობენ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შეთავაზებული სხვა სერვისებითაც, რაც ხელს უწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას და მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების დაბრუნებას.

როგორც ავთანდილ მჭედლიძე გვიამბობს, ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს ალგეთის ეროვნული პარკის საფეხმავლო ბილიკების სტანდარტიზებაზე, ასევე, საკემპინგე, საბანაკე, საპიკნიკე ტერიტორიისა და კოტეჯების სივრცის მოწყობაზე პარკის ტერიტორიაზე. ამავდროულად, ადმინისტრაციის ეზოში ღია კაფის მოწყობაცაა დაგეგმილი. აღიშნულ ინიციატივებს საფუძველი თოკების პარკის ატრაქციის პროექტის ფარგლებში მიღწეულმა წარმატებულმა შედეგმა ჩაუყარა – პარკმა აჩვენა, რომ ამგვარი ინიციატივები კიდევ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს, რაც შესაძლებლობას ქმნის, როგორც პარკის მდგრადი განვითარებისთვის, ისე ადგილობრივი ოჯახების შემოსავლების ზრდისთვის.

ალგეთის ეროვნული პარკის დირექტორის ავთანდილ მჭედლიძის აზრით, პარკის დანიშნულება, როგორც გასართობი, ისე შემეცნებითია. თოკების ატრაქციაზე მდებარე დაბრკოლებების გადასალახად, აუცილებელია უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, რომლებსაც თითოეულ ვიზიტორს მისვლისთანავე აცნობენ. ინსტრუქტორი უხსნის მათ, როგორ უნდა გადალახონ დაბრკოლებები და როგორია ქცევის წესები – ყველა წესი თუ ქმედება მიზნად ისახავს ატრაქციით მოსარგებლე ადამიანის მაქსიმალურ დაცვას.

თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წარმომადგენელთა თქმით, მსგავსი ინიციატივების დაფინანსება პირდაპირ კავშირშია რეგიონის ზრდასა და განვითარებასთან, თოკების პარკი კი იქცა მაგალითად, თუ როგორ შეიძლება ერთმა წარმატებულმა პროექტმა დომინოს პრინციპით იმოქმედოს და წარმატება მოუტანოს ბევრ სხვა ინიციატივას თუ ადამიანს.