fbpx
Skip to main content

თბილისის პარკი „მზიური“ ევროკავშირის მხარდაჭერით ხელახლა გაიხსნა

17/07/2020

წყალდიდობისგან დაზიანებული თბილისის პარკის აღდგენა „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ მხარდაჭერით მოხდა.

2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის მეხუთე წლისთავზე, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ, განახლებული პარკი „მზიური“ გახსნეს. წყალდიდობით განადგურებული პარკის მასშტაბური განახლების შედეგად მოეწყო ველობილიკები, ხელოვნური ტბა, სკეიტბორდის პარკი და რამოდენიმე საბავშვო მოედანი, რაც მას ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო სარეკრეაციო ზონად აქცევს.

პარკის რეკონსტრუქციის დაფინანსება „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ (European Investment Bank) 100 მილიონი ევროს მოცულობის „საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის“ ფინანსური ხელშეკრულების, სტიქიური უბედურებით მიყენებული ზარალის აღმოფხვრის კომპონენტის ქვეშ განხორციელდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაჩიე ჩურა.

„ხუთი წლის წინ მომხდარი წყალდიდობა ტრაგიკული მოვლენა იყო თბილისისთვის  და ასევე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ევროკავშირი მოხარულია, რომ ამ პარკის რეკონსტრუქციისთვის გაწეული ფინანსური მხარდაჭერით მიეცა შესაძლებლობა  თბილისის აღდგენაში წვლილი შეეტანა. ვიმედოვნებ და გვჯერა, რომ ეს სარგებელს მოუტანს თბილისელებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს, მომავალ თაობებს. ”- აღნიშნავს ელჩი ჰარცელი.

“პარკი „მზიური“ პროექტისთვის გამოყოფილი დაფინანსება, ისევე როგორც წყალდიდობით მიყენებული ზარალის აღმოფხვრაზე მიმართული სხვა ინვესტიციები, როგორიცაა, მაგალითად,  წყნეთი-ბეთანიის გზის აღდგენა, „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ საქართველოს სტიქიური უბედურების პერიოდში დახმარებაზე მიმართული სწრაფი რეაგირების შედეგია. წყალდიდობით მიყენებული ზარალის აღდგენის სხვა პროექტები მომავალში ამგვარი მოვლენების რისკის შემცირებაზეც არის მიმართული“, აღნიშნა ბ-მა ჩურამ.

პროექტი სრულად დაფინანსებულია „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ (European Investment Bank) 100 მილიონი ევროს მოცულობის „საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის“ ფინანსური ხელშეკრულების, სტიქიური უბედურებით მიყენებული ზარალის აღმოფხვრის კომპონენტის ფარგლებში და ითვალისწინებს თბილისის პარკი „მზიურის“ დიზაინსა და მშენებლობას.

ინვესტიციის სრულმა მოცულობამ შეადგინა დაახლოებით 7.8 მილიონი ლარი. ჩატარებული სამუშაოები მოიცავდა: (i) სარეკონსტრუქციო სივრცის მთავარ გეგმას/დიზაინს, (ii) სპორტული სივრცეების განვითარებას (მაგ. სკეიტბორდის პარკი, ღია ჰაერზე მოწყობილი სატრენაჟორო სივრცე, სპორტის სხვადასხვა სახეობებისთვის განკუთვნილი სივრცე, პარკურის მოედანი), (iii) დაზიანებული სივრცეების დემონტაჟი და რეკონსტრუქცია, (iv) ცოცხალი ხეებითა და მცენარეებით პარკის გამწვანება. აღსანიშნავია, რომ პარკის აღდგენითი სამუშაოებისდაწყებამდე, 2016 და 2017 წლებში, „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ მიერ დაფინანსდა ამავე სივრცის დატბორვის რისკის შემცირებაზე მიმართული სტრუქტურული ღონისძიებები, როგორებიცაა მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების, ნალექის ფილტრების მოწყობისა და შემაკავებელი კედლების მშენებლობის სამუშაოები.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და „ევროპის საინვესტიციო ბანკს“ შორის  დადებულ„საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის“ ფინანსურ ხელშეკრულებას ხელი 2016 წელს მოეწერა. 100 მილიონი ევროს მოცულობის ფინანსურიხელშეკრულების ნახევარი გათვალისწინებულია სტიქიური უბედურებით მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად.

საქართველოს მიმართ ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის შესახებ:

ევროკავშირი საქართველოში უმსხვილესი დონორია, სხვადასხვა სექტორში მიმდინარე 160-ზე მეტი აქტიური პროექტით, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური განვითარების, განათლების, გარემოს დაცვის, მმართველობის, ენერგეტიკისა თუ კულტურის მხარდაჭერაზე. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: eu4georgia.ge

„ევროპის საინვესტიციო ბანკის“ შესახებ:

„ევროპის საინვესტიციო ბანკი“ (EIB) ევროკავშირის ბანკია, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის კრედიტორ  ინსტიტუციას, ის, აგრეთვე, ერთადერთი ბანკია, რომელიც იმყოფება ევროპის წევრი ქვეყნების მფლობელობაში და წარმოადგენს მათ ინტერესებს. მის მიერ გაცემული გრძელვადიანი დაფინანსება მიმართულია ევროკავშირის მიზნების ხელშემწყობი ინვესტიციების განხორციელებაზე. EIB, მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის სხვა ინსტიტუციებთან ევროკავშირის პოლიტიკის განსახორციელებლად. EIB, როგორც მოცულობით უმსხვილესი მრავალმხრივი მსესხებელი და გამსესხებელი, უზრუნველყოფს ისეთი მდგრადი საინვესტიციო პროექტების საექსპერტო და ფინანსურ მხარდაჭერას, რომლებიც ემსახურება ევროკავშირის პოლიტიკის მიზნებისკენ მიმართულ განვითარებას. EIB-ს აქტივობის 90%-ზე მეტი მიმართულია ევროპაზე, თუმცა ასევე მხარს უჭერს ევროკავშირის საგარეო განვითარების პოლიტიკას.

საქართველოში, EIB-ს დაფინანსებით მიმდინარეობს 2 მილიარდი ევროთი დაფინანსებული 27 პროექტი.