fbpx
Skip to main content

ევროკავშირის მხარდაჭერით, ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსს აცხადებს

25/03/2021

ევროკავშირის მხარდაჭერით, ზემო სვანეთის ადგილობრივ განვითარების ჯგუფი (LAG), „ქეა ავსტრიათან“ (CARE Österreich) და „PMC  კვლევით ცენტრთან“ თანამშრომლობით, აცხადებს მეორე საგრანტო კონკურსს მესტიის მუნიციპალიტეტის 17-ვე ტერიტორიულ ერთეულში ეკონომიკური განვითარების, სოციალური და არაკომერციული პროექტების მხარდასაჭერად.

საგრანტო კონკურსის მიზანია მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა ადგილობრივი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და დივერსიფიკაციის, მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის, ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების გეგმაზომიერი გამოყენებისა და მესტიის მუციპალიტეტში ევროკავშირის LEADER მიდგომის დანერგვის გზით.


პროექტი „LEADER მიდგომის დანერგვა მესტიის მუნიციპალიტეტში-ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“ ხორციელდება ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის (ENPARD) ფარგლებში, ევროკავშირისა და ავსტრიის მთავრობის მხარდაჭერით. პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი სამოქალაქო ძალისხმევის მობილიზაციას და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის გააზრებისა და შემუშავების პროცესში მონაწილეობრივი პრაქტიკის დანერგვით, ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფას; აგრეთვე ადგილობრივი სამოქალაქო ძალისხმევების ინსტიტუციონალიზაციას სამოქალაქო ორგანიზაცია „ადგილობრივი განვითარების ჯგუფი“-ს შექმნისა და გაძლიერების ხელშეწყობის გზით და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ნაწილობრივ დაფინანსებას. პროექტის აღნიშნული კომპონენტები ხორციელდება ევროკავშირში დანერგილი ე.წ. LEADER მიდგომის გამოყენებით.


საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ინიციატივები, როგორც კომერციული (არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო), ასევე სოციალური და არაკომერციული მიმართულებებით (ადვოკატირება, ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული პროექტები, შემეცნებითი-სასწავლო პროგრამები, სპეციფიური სწავლებები-ტრენინგები, ინოვაციური სათემო ინიციატივები). დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ დოკუმენტი: საგრანტო სახელმძღვანელო და დანართები 1 და 2.


კონკურსში განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახორციელებენ.

საგრანტო კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

I ეტაპი – საპროექტო იდეის განაცხადის წარდგენა

II ეტაპი – სრული საპროექტო წინადადების წარდგენა

პირველ ეტაპზე ცხადდება საპროექტო იდეების კონკურსი, რომელიც ითვალისწინებს  დაინტერესებულ განმცხადებელთა მიერ საპროექტო იდეის განაცხადის წარდგენას. განმცხადებელი საპროექტო იდეის განაცხადის ფორმის (კომერციული მიმართულება (იხ.დანართი 1) და სოციალური და არაკომერციული მიმართულება (დანართი 2)) საშუალებით წარადგენს მოთხოვნილ ინფორმაციას, რომლის შეფასების საფუძველზეც გაირკვევა განმცხადებელი შერჩეული იქნება თუ არა პროექტის სრული განაცხადის ფორმის წარდგენისთვის. წარმატებულ განმცხადებლებს დამატებით ეცნობებათ შემდგომი პროცედურების შესახებ.

I ეტაპის საპროექტო იდეების კონკურსის გამარჯვებულები გადავლენ კონკურსის II ეტაპზე და მოწვეული იქნებიან სრული საპროექტო წინადადების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

საპროექტო იდეის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა – 12 აპრილი 2021 წ. 18:00 სთ.

საგრანტო კონკურსით დაფინანსდება მხოლოდ ის პროექტები, რომელიც პასუხობს მესტიის მუნციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ამოცანებსა და სტრატეგიულ აქტივობებს (იხ. მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია 2020-2024).

განაცხადის შესავსებად განმცხადებელს შეუძლია ეწვიოს შემდეგ ვებგვერდებს:

  • www.enpard.ge – ENPARD პროგრამის ოფიციალური ვებგვერდი
  • www.facebook.com/mestia.LAG/  – ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი
  • www.care-caucasus.org.ge  – „ქეა კავკასია“ ოფიციალური ვებგვერდი
  • www.mestialag.ge -ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ვებ-გვერდი

საპროექტო იდეის საგრანტო განაცხადის გასაკეთებლად განმცხადებელმა უნდა ჩამოტვირთოს და შეავსოს აღნიშნული ფორმა და ხელმოწერილი და ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული წარმოადგინოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

(ა) ელექტრონული ვერსია ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Lagmestiagrants@gmail.com

(ბ) ან წარმოადგინოს ნაბეჭდი ვერსია მისამართზე: მესტია, კახიანის 51ა, ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ოფისი.

ნაბეჭდი ვერსია უნდა მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში პირადად, ან გამოგზავნოთ კერძო საკურიერო სერვისის მეშვეობით ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

განმცხადებლებმა შევსებული საგრანტო განაცხადები უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე.

არ მიიღება განაცხადი, რომელიც წარმოდგენილი იქნება დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

დაუშვებელია საგრანტო იდეის განაცხადის ფორმაში თვითნებური ცვლილებების განხორციელება, მათ შორის, შეკითხვების შემცირება ან დამატება, ფორმატის ცვლილება და ა.შ. ასეთი განაცხადი არ განიხილება.

არასრულად შევსებული განაცხადი არ განიხილება.

ხელით შევსებული განაცხადის ფორმები არ მიიღება.

პროექტი „საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა“ ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობს, ხორციელდება CARE ავსტრიისა და PMC კვლევითი ცენტრის მიერ მესტიის მუნიციპალიტეტში. ევროპულ მიდგომაზე დაყრდნობით, პროექტი ემსახურება სოფლად ეკონომიკის განვითარებას და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, უზრუნველყოფს დაუცველი ჯგუფების, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობას, და ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას. ევროკავშირი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში მხარს უჭერს ENPARD პროგრამის საშუალებით, რომელიც 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამის საერთო ბიუჯეტია 179.5 მილიონი ევრო და მისი მთავარი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა და საქართველოში სიღარიბის შემცირება. ENPARD პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: enpard.ge