fbpx
Skip to main content

ევროკავშირის დახმარებით ტანსაცმლის ქართული ინოვაციური ბრენდი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას გაზრდის

17/07/2020

კოვიდ-19-ის მიერ გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ადაპტური სამოსის მწარმოებელმა მულტიბრენდულმა კომპანიამ „კომბინიზონა“ შეძლო სამუშაო ადგილების შენარჩუნება და დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა რაოდენობასაც გაზრდის.

პროექტის „კლასტერები განვითარებისთვის“ დახმარებით, „კომბინიზონამ“ 19 ცალი სამკერვალო აღჭურვილობა შეიძინა, რაც კომპანიას საწარმოო სიმძლავრეების გაფართოების შესაძლებლობას აძლევს. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის ინიციატივა EU4Busiess-ისა და გერმანიის მთავრობის მიერ და მას GIZ-ი (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ახორციელებს. პროექტი აგრძელებს ქართული სამკერვალო ინდუსტრიის მხარდაჭერას კოვიდ-19-ის მიერ გამოწვეული კრიზისის პირობებში. „კომბინიზონა“ ამ დახმარების შედეგად დამატებით ათი შშმ პირის დასაქმებასაც შეძლებს.

„კომბინიზონა“ ბიზნეს კლასტერის – „ტანსაცმლის მდგრადი წარმოება -დამზადებულია საქართველოში“ პოტენციული წევრია, რომელიც პროექტის „კლასტერები განვითარებისთვის“ ძალისხმებით შეიქმნება.

„ვინაიდან კომბინიზონა ფოკუსირებულია სოციალურ პასუხისმგებლობაზე და ეს ამ ბრენდის ფილოსოფიას განსაზღვრავს, მას საქართველოში ტანსაცმლის წარმოების ინდუსტრიაში შემოაქვს ახლებური, ინოვაციური, ეკო-მეგობრული მიდგომები, რის წახალისებას და ხელშეწყობასაც, თავის მხრივ, ევროკავშირი ეწევა. ჩვენ განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ კომპანიამ შეძლო არა მხოლოდ შეენარჩუნებინა პერსონალი ამ კრიზისის პერიოდში, არამედ დასაქმების ახალი შესაძლებლობებიც შეექმნა“ – აღნიშნავს კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

„კომბინიზონა“ სოციალური საწარმოა, რომელიც ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა ISF Georgia-ს პროექტია. აღნიშნული ფაბრიკა ტანსაცმლის წარმოების ქართულ ინდუსტრიაში ინოვაციისა და ინკლუზიურობის მიდგომებს ნერგავს. ამასთან, მისი მოგების 30% სოციალურ ინიციატივებზე იხარჯება. „კომბინიზონა“ ადაპტური დიზაინერული სამოსის პირველი ბრენდია საქართველოში და ევროპის მასშტაბით ერთადერთია, რომლის მიერ წარმოებული თერაპიული ტანსაცმელიც ფერების აღქმის შესახებ ჩატარებულ უნიკალურ კვლევას ემყარება. კომპანია აწარმოებს ფერად, ფუნქციურ და კომფორტულ სამოსს ბავშვებისთვის, ფეხმძიმე ქალბატონების, შშმ პირებისთვის. კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, კომპანიამ ახალი ხაზი – „ალიკაპი“ შექმნა, რაც სერტიფიცირებულ სამედიცინო ნიღბების წარმოებას მოიცავს.

„ქართული მოდის ინდუსტრიაში ინკლუზიის დანერგვა ჩვენი კომპანიის ფუნდამენტური პრინციპია. ჩვენ არამხოლოდ ვაწარმოებთ სამოსს შშმ პირებისთვის, არამედ შესაძლებლობას ვაძლევთ მათ ჩვენთან დასაქმდნენ, გახდნენ „კომბინიზონას“ ოჯახის წევრები,“ – ამბობს განო მელითაური, „კომბინიზონას” თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი – „მუდმივი ინოვაცია ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და საშუალებას გვაძლევს განსხვავებული მოთამაშე ვიყოთ ქართულ ბაზარზე. ჩვენ ხელს ვუწყობთ სოციალური მეწარმეობის, ადგილობრივი მაღალი ხარისხის წარმოების განვითარებას, რაც სრულად ეფუძნება გარემოსდაცვით და სოციალურ ცნობიერებას. ჩვენ გვამხნევებს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხრიდან GIZ-ის მეშვეობით მიღებული მხარდაჭერა, რაც წარმოების გაფართოებისა და მეტი შშმ პირების დასაქმების საშუალებას გვაძლევს.“

„კომბინიზონა“ დღეს უკვე აფართოებს საწარმო ინფრასტრუქტურას და კომპანიის უახლოეს გეგმებშია წარმოების ხაზის შემდგომი დივერსიფიკაცია, ახალი ქვებრენდების შექმნა, საკუთარი სასწავლო ბაზის განვითარება და უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნა ყველასთვის.

პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“ (Clusters4Development) დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ. პროექტი სტიმულირებას უწევს და მხარს უჭერს ბიზნეს კლასტერების შექმნას სამ სექტრორში: ტანსაცმლის წარმოება, სამშენებლო მასალების წარმოება და ტურიზმი. პროექტი ასევე თანამშრომლობს სამთავრობო უწყებებთან კლასტერული და ბიზნეს განვითარებისთვის ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესების მიმართულებით. იგი ხორციელდება ევროკავშირის ინიციატივის EU4Business ფარგლებში.

EU4Business არის ქოლგა-ინიციატივა, რომელიც სრულად მოიცავს ევროკავშირის მხარდაჭერას მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში – სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, და უკრაინა.

ინიციატივა EU4Business-ი ხელს უწყობს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ბიზნეს რეგულაციების შემსუბუქების, ბიზნესის მხარდამჭერ სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფისა და სავაჭრო შესაძლებლობების გაზრდის გზით.

2019 წელს, ინიციატივა EU4Business-ის მხარდაჭერით 147 პროექტი განხორციელდა, რომელთა საერთო ბიუჯეტიც 872 მილიონი ევროა. გაიგეთ მეტი: www.eu4business.eu.

საკონტაქტო პირი:

თეა კენჭაძე, პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“, GIZ, +995 577-292-646, thea.kentchadze@giz.de