მდგრადი გადაწყვეტები სოფლის განვითარებისთვის

27/07/2021

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების დახმარება მოსახლეობის ინტერესებსა და ბიზნესის წარმატებას ემსახურება

თბილისი. 26 ივლისი 2021 – ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) კომპლექსურ და მრავალმხრივ დახმარებას სთავაზობენ საქართველოს რეგიონებს, რომელიც მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, დასაქმების გაზრდასა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ევროკავშირისა (EU) და UNDP-ის დახმარება სოფლის ეკონომიკის განვითარებას, მწვანე გადაწყვეტების დანერგვასა და ინოვაციური მიდგომების გაცნობას ითვალისწინებს. მხარდაჭერის პროგრამები ხორციელდება ადგილობრივ ხელისუფლებასთან, კერძო სექტორთან და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.  

22 და 23 ივლისს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვიზიტად ჩავიდნენ ევროკავშირის (EU), UNDP-სა და სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები. ვიზიტის მიზანი იყო სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან და ადგილობრივ ბიზნესთან შეხვედრა და 2020 წელს გამოცხადებული 9 მილიონი ლარის ღირებულების საგრანტო პროგრამის მიმდინარე შედეგების გაცნობა.

სოფლის განვითარების საგრანტო პროგრამა სოფლის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება და საქართველოს რვა მუნიციპალიტეტს მოიცავს (ახალქალაქი, ბორჯომი, დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ლაგოდეხი, ქედა, ხულო, ყაზბეგი). დაფინანსების მოქნილი მექანიზმი მორგებულია მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესებზე და ხელს უწყობს სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირებას, ახალი პერსპექტივებისა და შესაძლებლობების აღმოჩენას და არაფერმერული ბიზნესის განვითარებას.

2020 წლის მაისიდან დღემდე, ამ  დახმარებით ოცდათორმეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა ისარგებლა. მათ შორის, რვა კომპანია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედებს.

„სოფლად შესაძლებლობების დივერსიფიკაცია ადგილობრივი ეკონომიკის ზრდისთვის მნიშვნელოვანია. ევროკავშირის დახმარებით, საქართველო შეძლებს მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას და მომავლის სოფლის აშენებას, სადაც ადამიანები სწავლის, დასაქმებისა და ბიზნესის წარმოების მრავალფეროვანი შესაძლებლობებით ისარგებლებენ“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერმა ქეთევან ხუციშვილმა.

„საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი დასაქმებულია სოფლის მეურნეობის სექტორში, რომლის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 8 პროცენტზე ნაკლებია. საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სოფლის განვითარების ალტერნატიული გზა, რომელიც სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირებასა და მდგრადი ბიზნესის მოდელს ეყრდნობა. დღეს, როდესაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკა პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოდის, ამ უნიკალურ რეგიონს კარგი შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ ეს ახალი მიდგომა დანერგოს“, – აღნიშნა UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ.

სოფლებში სტუმრობის დროს, ჩერნიშოვამ, ხუციშვილმა და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ მოინახულეს კომპანია „ბეკი“-ს მიერ გახსნილი სამკერვალო ხულოს მუნიციპალიტეტში და კომპანია “აჭარა თრეიდინგ გრუფი”-ს პოლიპროპელინის ყუთების წარმოება ქედაში.

სამკერვალო „ბეკი“, რომელშიც 10 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული, აჭარის სასტუმროების პერსონალისთვის სპეცტანსაცმელს კერავს. ხოლო “აჭარა თრეიდინგ გრუფი”-ს საწარმო გადამუშავებული პლასტიკისგან  სხვადასხვა ზომის ყუთებს ამზადებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო ნაწარმის ტრანსპორტირებისთვის, მათ შორის, ექსპორტზე გადატანისთვის გამოიყენება.

ორივე კომპანიამ სოფლის განვითარების საგრანტო პროგრამით ისარგებლა და მიღებული დაფინანსება თავისი საწარმოების გაფართოებასა და გაძლიერებას მოახმარა.

ვიზიტი გაგრძელდა „ბლექ სი“ კოლეჯში (ქედას მუნიციპალიტეტი), სადაც ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან თანამშრომლობით, ხელს უწყობენ არასასოფლო-სამეურნეო დარგების განვითარებას და ამ მხრივ,  ახალი სასწავლო პროგრამების დანერგვას (სასტუმრო მომსახურება და საოჯახო სასტუმროს მართვა, ელექტრობა, შედუღება, წყალმომარაგების სისტემები).

სტუმრები გაეცნენ კოლეჯში მიმდინარე სასწავლო პროცესს, შეხვდნენ მენეჯმენტსა და სტუდენტებს და სერტიფიკატები გადასცეს მასწავლებლებს, რომელთაც სექტორულ საგნებსა და სასწავლო მეთოდებში გადამზადების კურსი გაიარეს.

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს სოფლის განვითარების მრავალწლიანი მხარდამჭერები არიან. სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება და 2022 წლამდე გაგრძელდება, ხოლო მისი სრული ბიუჯეტი 600 მილიონ ლარს (179.5 მილიონ ევროს) შეადგენს. ამ დახმარების მიზანია სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე არაფერმერული ეკონომიკური საქმიანობის სფეროში.

მეტი ინფორმაცია პროგრამაზე ENPARD ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.enpard.ge

საკონტაქტო ინფორმაცია:

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021