ევროპის გუნდი: ევროპის საინვესტიციო ბანკი ვაქცინებისა და COVID-19-თან დაკავშირებული სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად საქართველოს 50 მილიონი ევროს დახმარებას გაუწევს

17/06/2021
  • ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ უზრუნველყოფილი 50 მილიონი ევრო საქართველოს ვაქცინებისა და COVID-19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შეძენის შესაძლებლობას მისცემს
  • აღნიშნული თანხა დაემატება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს ჯანდაცვის სისტემისა და ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად  2020 წელს გამოყოფილ 210 მილიონ ევროს
  • ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მეორე ყველაზე მსხვილი თანხა

ევროპის საინვესტიციო ბანკმა, რომელიც ევროკავშირის ბანკს წარმოადგენს, საქართველოს მთავრობას გამოუყო 50 მილიონი ევრო COVAX-ის პლატფორმიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების და COVID -19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად. ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მეორე ყველაზე მსხვილი თანხა, რომელიც წარმოდგენს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის COVID -19-თან ბრძოლის ფარგლებში უზრუნველყოფილი 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის ნაწილს.

მხოლოდ 2020 წელს, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფმა გამოყო 210 მილიონი ევროს ოდენობის სესხები და გარანტიები საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის მხარდასაჭერად და COVID -19 პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან საქართველოს ეკონომიკის გამოსვლის პროცესის დასაჩქარებლად. ევროკავშირის ბანკის დახმარების პაკეტი მოიცავს 100 მილიონ ევროს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის გასაძლიერებლად, ასევე 110 მილიონ ევროს, რომელიც  საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებს გადაეცემა ქვეყანაში არსებული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის სესხების უზრუნველსაყოფად.

საქართველოს ეკონომიკის სწრაფად აღდგენის ხელშესაწყობად ასევე გათვალისწინებულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფში შემავალი ევროპის საინვესტიციო ფონდიდან დამატებით 250 მილიონი ევრო გარანტიების სახით გამოყოფა. გარანტიები უზრუნველყოფილია InnovFin–ის – ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის საშუალებით, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციური მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებში.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობაზე, აღნიშნა: „ვაქცინები და COVID – 19-თან დაკავშირებული სამედიცინო აღჭურვილობა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად და პანდემიის მაქსიმალურად მოკლე დროში დასასრულებლად. ევროპის საინვესტიციო ბანკი ამაყობს იმით, რომ მას აქვს შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში. მოხარული ვარ, რომ ევროკავშირს საკუთარი წვლილი შეაქვს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განმტკიცების პროცესში, რაც ქვეყანას გაძლიერებისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ძლიერი და განვითარებული საქართველო არის როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე ევროპის გუნდის მიზანი. იმედი მაქვს, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს“.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში COVID -19-ის საწინააღმდეგო ზომების გატარებაზე, აღნიშნა: „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია ვისარგებლოთ ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს ჯანდაცვის სექტორისთვის გამოყოფილი  თანხით, 50 მილიონი ევროს ოდენობით, განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას, გავხადოთ ჯანმრთელობის დაცვის სექტორი პრიორიტეტულ მიმართულებად, გავაძლიეროთ ქვეყნის მედეგობა COVID -19-ის მიმართ და ჩვენი შესაძლებლობები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის შექმნილ სხვა საფრთხეებთან გასამკლავებლად. აღნიშნული თანხა მოგვცემს შესაძლებლობას, ვაქცინების შესყიდვის, სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისა და COVID -19-თან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალისა და საავადმყოფოების დასახმარებლად თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობის შეძენის გზით, აქტიურად შევებრძოლოთ პანდემიას. გარდა ამისა, სამინისტროს სახელით, გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ევროპის ინვესტიციის ბანკს, მის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს საქართველოს მხარდაჭერისთვის ადამიანების ჯანმრთელობისათვის, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობისათვის დამანგრეველი ზემოქმედების მქონე COVID -19-ის პანდემიით გამოწვეული მძიმე კრიზისის დასაძლევად“.

კარლ ჰარცელმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, აღნიშნა: „ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს დახმარებას პანდემიის პერიოდში, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროკავშირის ბანკის, მიერ გამოყოფილი თანხა კიდევ უფრო დახმარებას გაუწევს ჯანდაცვის სექტორს. ეს არის COVID -19-თან ბრძოლასა და კრიზისიდან გამოსასვლელად საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ უზრუნველყოფილი 500 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის დახმარების პაკეტის ნაწილი.“

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს ჯანდაცვის სექტორისთვის უზრუნველყოფილი დახმარებით, რომელიც 2020 წელს გაგრძელდა, შესაძლებელი გახდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ხუთი წამყვანი საავადმყოფოსა და სამედიცინო დაწესებულების მოდერნიზება, თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა. აღნიშნული დახმარების ფარგლებში ფინანსურმა ინსტიტუტებმა ადგილობრივი კომპანიებისათვის შექმნეს ახალი საკრედიტო ხაზები, რომლებიც მათ ლიკვიდურობის პრობლემების გადაჭრის, სამუშაო ადგილების შენარჩუნების და საკუთარი ინვესტიციებისა ან გაფართოების გეგმების დაფინანსების შესაძლებლობას მისცემს. 

დამატებითი ინფორმაცია

ევროპის საინვესტიციო ბანკის შესახებ:

ევროპის საინვესტიციო ბანკი არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მფლობელობაში არსებული გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტი, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების მისაღწევად  გონივრული ინვესტიციებისთვის გრძელვადიან დაფინანსებას უზრუნველყოფს.

ევროპის საინვესტიციო ბანკისა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებში, მკურნალობასა და დიაგნოსტიკაში მის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შესახებ:

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ COVID -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე, მკურნალობასა და დიაგნოსტიკაზე მომუშავე 20 ევროპული სამედიცინო და ბიოლოგიური ტექნოლოგიური კომპანიისთვის დღემდე უზრუნველყოფილი დაფინანსების მოცულობა 700 მილიონ ევროს შეადგენს. აქედან 100 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა Pfizer/BioNTech ვაქცინის შემქმნელ გერმანულ კომპანია BioNTech-ში. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილი კრიზისის ფონზე, აღნიშნული ინვესტიცია ასახავს ევროპის საინვესტიციო ბანკის ძალისხმევას COVID-19-ის ახალი და ეფექტიანი სამკურნალო საშუალებების შექმნის მხარდაჭერის მიმართულებით. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეს სამსახურს.

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში:

2007 წლიდან, მას შემდეგ, რაც ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოში საკუთარი საქმიანობა დაიწყო, ბანკმა დაახლოებით 2 მილიარდი ევროს მოცულობით დაფინანსა  23 პროექტი ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურის განვითარება, კერძო სექტორის მხარდაჭერა და კლიმატის ცვლილების შერბილება და ადაპტაცია. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს მხარდაჭერა 2014 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ხელმოწერით კიდევ უფრო გაძლიერდა, რომლის შედეგადაც საქართველო, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში ევროპის საინვესტიციო ბანკის ყველაზე მსხვილი ბენეფიციარი გახდა.

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში პროექტების უმეტესობას ევროკავშირის გარე დაკრედიტების მანდატის საფუძველზე აფინანსებს. ეს მანდატი ევროპის საინვესტიციო ბანკს ანიჭებს გარანტიას, რომელიც უზრუნველყოფილია ევროკავშირის ბიუჯეტით პროექტებისთვის სოციალური და ეკონომიკის ინფრასტრუქტურის, ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარების და კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის სფეროებში. საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გადადით ბმულზე this link.

About InnovFin-ის შესახებ

InnovFin-ის საგარანტიო ფონდი მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის შეიქმნა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის Horizon 2020-ის  ფარგლებში შემუშავებული „InnovFin – ევროკავშირის დაფინანსება ინოვატორებისათვის“ ინიციატივის ფარგლებში. ის უზრუნველყოფს 25,000–7,5 მილიონი ევროს ფარგლებში სასესხო დაფინანსების  გარანტიებსა და კონტრგარანტიებს ინოვაციური მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა და და მცირე საშუალო კაპიტალიზაციის მქონე ბიზნესებისთვის (499-მდე თანამშრომელი) ფინანსებზე წვდომის გასაუმჯობესებლად.

ფონდს მართავს ევროპის საინვესტიციო ფონდი, ხოლო მისი საქმიანობა ხორციელდება ფინანსური შუამავლების – ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ასოცირებული ქვეყნების ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით. აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში ფინანსურ შუამავლებს აქვთ ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ფონდის გარანტია იმ დანაკარგებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში სესხების დაფინანსებისას.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფი: ტიბორ იონა,
ელ.ფოსტა: t.jona@eib.org, ტელ.: +352 691 287 052
ვებ-გვერდი: www.eib.org/press პრეს სამსახური: +352 4379 21000 – press@eib.org
Twitter @eib

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021