ევროკავშირის მხარდაჭერით ადგილობრივი საწარმო კარტოფილის საწყობს აფართოებს

13/05/2021

ოდესმე გიფიქრიათ რა გზას გადის ქართული კარტოფილის ჩიფსი Frixx, სანამ მას მაღაზიაში შევიძენთ? კომპანია „მზიანი მოსავალი“, რომლის საწყობიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში მდებარეობს, კარტოფილს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს და მაღალი სტარდარტებით აღჭურვილ საწყობში ინახავს. შემდეგ პროდუქტს უკვე გადამამუშავებელი კომპანია Wellington იბარებს და ჩიფს Frixx-ს ამზადებს.

„მზიანი მოსავალი“ 2015 წელს დაარსდა და მისი დირექტორი პოლონელი ვლადიმერ ლეპჩინსკია, ხოლო მესაკუთრე – შვედეთ-საქართველოს მოქალაქე ჟან-ფრედერიკ პოლსენი. მუშაობის საწყის ეტაპზე საწარმოს კარტოფილი მოჰყავდა და პროდუქტით გადამამუშავებელ კომპანიებს ამარაგებდა. თუმცა გუნდის წევრები მალევე მიხვდნენ, რომ „მზიან მოსავალს“ ბევრად მეტის გაკეთება შეეძლო.

კმაყოფილი მომხმარებლები და კმაყოფილი ფერმერები

დროთა განმავლობაში კომპანიამ წარმოება გააფართოვა და კარტოფილის გარდა ბოსტნეულის სხვა სახეობებიც დაამატა. ამ წარმატებამ შეცვალა არამარტო იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებიც კომპანიაში მუშაობენ, არამედ იმ ფერმერების ცხოვრებაც, რომელთა ოჯახებიც ფინანსურად სწორედ კარტოფილის წარმოებაზეა დამოკიდებული. მათ უკვე შეეძლოთ, რომ კარტოფილი „მზიანი მოსავლის“ მაღალი სტანდარტებით აღჭურვილ საწყობში შეენახათ და პროდუქტის მაღალი ხარისხი და გემოვნური თვისებები მაქსიმალურად შეენარჩუნებინათ.

თუმცა, ყველა საქმეს თან ახლავს გამოწვევებიც. იმისთვის, რომ კარტოფილი დიდი ხნის განმავლობაში შეინახოს,  საწარმოს სპეციალური ინფრასტრუქტურა უნდა ჰქონდეს, რაც ნიშნავს, რომ სავენტილაციო სათავსოები უნდა გაკეთდეს ისე, რომ, სხვა ფაქტორებთან ერთად, კარტოფილში შაქრის სწორი ბალანსი დაცული იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა პროდუქტი არ აღმოჩნდეს საკმარისად კარგი გადამუშავებისთვის, რაც არასასურველია როგორც საწარმოსთვის, ისე ფერმერებისთვის.

„მზიან მოსავალს“ გაუმართლა – კომპანიამ ეს გამოწვევა ENPARD- ისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დახმარებით გადალახა. საწარმომ 500 ტონაზე მეტი ტევადობის კონტეინერები და სპეციალური დამტვირთველი შეიძინა, რამაც კომპანიას საქმიანობის გაფართოების საშუალება მისცა.

”ეს დამტვირთველი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისდა მან საგრძნობლად გააუმჯობესა ჩვენი კომპანიის ეფექტურობა, ”- ამბობს ნატო მოლოდინი, მზიანი მოსავლის პროექტების მენეჯერი. ”შედეგად, ერთ მხარეს არიანკმაყოფილი მომხმარებლები, ხოლო მეორე მხარეს – ფერმერები, რომლებსაც სთავაზობდნენ საოცარ შესაძლებლობას შეინახო თავიანთი პროდუქტი მთელი წლის განმავლობაში.”

ახალი სამუშაო ადგილები და ცოდნის გაზიარება

„მზიანი მოსავლის“ გზა აქ არ სრულდება, რადგან საწარმო და მისი გუნდის წევრები შეჩერებას არ გეგმავენ. მათ საწყობის გაფართოება და გაგრილების მაცივრის სისტემების დაყენება სურთ. ეს საშუალებას მისცემს საწარმოს შეინახოს მეტი კარტოფილი და შემდეგ მეტი პროდუქტი გააგზავნოს დასამუშავებლად. შედეგად გაიზრდება ქართული კარტოფილის რაოდენობა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

“იმპორტის ჩანაცვლება ჩემი დიდი სურვილია და ამის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს. თუმცა, ამ მიზნის მისაღწევად ბევრი უნდა ვიმუშაოთ. ქართული პროდუქტის დიდი უპირატესობა სწორედ მისი ხარისხია”, – თქვა ვლადიმერ ლეპჩინსკიმ ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში.

დირექტორი ვლადიმერ ლეპჩინსკი გერმანიაში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა წარმოების სფეროში და მისი ინტელექტუალური ინვესტიცია არა მხოლოდ საწარმოს, არამედ ადგილობრივი ფერმერებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. „მზიანი მოსავალი“ ხშირად სთავაზობს კონსულტაციებსა და სასწავლო ტურებს ადგილობრივებს, რათა ასწავლოს მათ, როგორ აიღონ კარტოფილი სწორად, რომ შემდეგში პროდუქტმა მაღალი ხარისხი დიდხანს შეინარჩუნოს.

ისეთ მუნიციპალიტეტში, როგორიცაა ბოლნისი, სადაც სოფლის მეურნეობა შემოსავლის ძირითადი წყაროა, ადგილობრივი ფერმერებისთვის მნიშვნელოვანია მიიღონ მეტი ცოდნა კარტოფილის წარმოების პროცესის შესახებ. ეს გამოიწვევს დასაქმებისა და შემოსავლების ზრდას ადგილობრივი ოჯახებისთვის. ამ ყველაფერში თავის როლს „მზიანი მოსავალიც“ ასრულებს. თუ ადრე საწარმოს საშტატო თანამშრომლების გარდა, სეზონურად, 6 თვემდე სამუშაოდ 10-მდე ადამიანი სჭირდებოდა, ახლა ეს რიცხვი 40-50-მდე გაიზარდა.

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021