ევროკავშირის მხარდაჭერით, სამეწარმეო სკოლის კურსდამთავრებულმა – სოფო ნოზაძემ, გორში კვების ობიექტი დააფუძნა!

10/08/2020

სოფიო ნოზაძე ქალაქ გორში ცხოვრობს. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა და გამოწვევებით სავსე საქმიანობა წამოიწყო პარტნიორთან ერთად. 

სოფომ დააფუძნა კვების ობიექტი, სადაც  ძალიან გემრიელ პროდუქტებს ქმნიან: ბურგერს – სპეციალურად შექმნილი სპეცსოუსებითა და მენიუთი, ასევე სენდვიჩებს, ვრაპებს, სხვადასხვა სახის სალათსა და კოქტეილებს. 

გუნდი ცდილობს დღეს არსებულ მოთხოვნებს ფეხი აუწყოს და როგორც გორის მცხოვრებლებისთვის, ისე ტურისტებისთვის შექმნას გემოები, რომელთა მარტივად დავიწყება შეუძლებელია.

სოფოსთვის ბიზნეს იდეის წინაპირობა პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის“ და სამეწარმეო სკოლა გახდა.

როგორც სოფო ამბობს, ახალი ცხოვრების დასაწყისი სამეწარმეო სკოლას უკავშირდება: 

„პროექტის შესახებ ჩემი სამსახურიდან შევიტყვე, მე თვითონ ვაწვდიდი ახალგაზრდებს ამ ინფორმაციას გორის მერიის საინფორმაციო საშუალებებით. დავფიქრდი, რომ შესაძლებელი იყო მეც მიმეღო მონაწილეობა და შევავსე განაცხადი, სიახლე ნამდვილად მჭირდებოდა და ახალი შესაძლებლობის გამოყენებაზე უარი ვერ ვთქვი. პროექტში სხვა ბიზნესიდეით მივედი, რომელიც შედარებით მეტ ფინანსურ მხარდაჭერასა და რესურსს საჭიროებდა, განხილვისა და შეთავაზებების შედეგად კი მივედით დასკვნამდე, გაგვეხსნა ბურგერბარი, რომელიც სასიამოვნო სიახლე იქნებოდა ქალაქისთვის“.  

სოფოს „ბურგერბარის“ იდეის შემდეგ ძალიან დატვირთული რეჟიმი აქვს. როგორც ამბობს, პანდემიის პირობებშიც კი ბიზნესის ირგვლივ არსებული სამუშაოები მაინც ბოლომდე მიიყვანეს, რაშიც პროექტი ძალიან დაეხმარათ. 

„ბევრი რამ ვისწავლე, კიდევ უფრო მეტად დავხვეწე ფინანსები, მარკეტინგული გათვლები, რისკ-ფაქტორების ანალიზი“.

„ბურგერბარმა“ სოფოსა და მისი პარტნიორის ცხოვრება დადებითისკენ შეცვალა – ახლა ბიზნესპარტნიორებს უფრო მეტად დატვირთული რეჟიმი და გამოწვევებით სავსე ყოველდღიურობა აქვთ: 

„პროექტის მსვლელობა მთლიანობაში ძალიან საინტერესო იყო. განსაკუთრებით კულმინაცია, როცა ცდილობ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში აამუშავო. ეს საინტერესო გამოწვევაა, ადრენალინია, როცა ცოტა გეშინია, მაგრამ ამ დროს საკუთარ თავში პოულობ ძალას, და ყველაფერი გამოდის, გამოგდის სხვა ადამიანების თანადგომით – „სამეწარმო სკოლის გუნდი დღემდე აქტიურად მიდგას მხარში. მათთან ერთად, მათსავე კონსულტაციებით დამუშავდა „ფოშ ბარის“ ბიზნესგეგმა. ყველაზე მთავარი მხარდაჭერა ჩემთვის, როგორც დამწყები მეწარმესთვის, მენტორთან დაკავშირება გახლდათ. ჩემი მენტორი გამოცდილი, შეფმზარეული საბა იჩქიტიძე იყო, რომელიც მენიუს შექმნაში დაგვეხმარა და დასამზადებელი პროდუქციის რეცეპტები გაგვიზიარა“.

სოფო ფიქრობს, რომ საქმის დაწყებისას მთავარი მონდომება და სურვილია. როგორც ამბობს, გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ არის, მაგრამ თუ მოინდომებ და საჭირო დროსა და ენეგიას მოახმარ საქმეს, იგი აუცილებლად გამოვა.

დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ ძნელია დააკონკრეტო ზუსტად ის, რაც წარმატების წინაპირობააა, თუმცა არის რაღაცები, რაც მას განაპირობებს: დაგეგმვა, კომუნიკაცია, ხარისხი, კომპლექსური ერთიანობა და რაც მთავარია, სურვილი, შექმნა და განავითარო ბიზნესი ისე, რომ ბედნიერება მიანიჭო არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მომხმარებლებსაც.

მასალები მომზადებულია „ენტერპრენერ საქართველო“-ს მიერ პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში.

პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021