ევროკავშირის და GIZ-ის მხარდაჭერით „კომბინიზონამ“ COVID-19-ის პირობებში წარმოება გაზარდა

01/12/2020

სოციალური საწარმოს „კომბინიზონა“-ს ისტორია ათწლიანი სამოქმედო გეგმით, ერთი ნასესხები საკერავი მანქანითა და უნიკალური კონცეფციის მქონე პატარა შოურუმით დაიწყო. ინოვაციური სამკერვალო-ფაბრიკა ISF Georgia-ს რიგით პირველი  მულტიბრენდული სოციალური საწარმო „საქართველოში ფერების მიმღებლობის“ შესახებ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით თერაპიულ დიზაინერულ სამოსს აწარმოებს.

პირველივე წელს, სამ კვირაში გაყიდულმა კოლექციამ, მომხმარებლების დადებითმა უკუკაშირმა და საერთაშორისო გამოხმაურებამ დამფუძნებლები დაარწმუნა, რომ განსაკუთრებულ ფენომენთან ჰქონდათ საქმე: „ჩვენ შევქმენით ფუნქციურად განსხვავებული და უნიკალური ტანსაცმლის ბრენდი საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პოტენციალით. თანასწორობის, ინკლუზიურობისა და ბედნიერების ლობისტი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით – აი, როგორ ვხედავდით ჩვენს ბრენდს და ჩემი ბავშვობის დროინდელ უცნაურ ესკიზებს.“გვიყვება „კომბინიზონა“-ს დამფუძნებელი, განო მელითაური.

ბრენდს დაფუძნებისთანავე ჰქონდა მკაფიოდ განსაზღვრული მისია – დაენერგა ინკლუზია მოდის ინდუსტრიაში და აემაღლებინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების, ორსულებისა და მოზარდების ცნობიერება ფუნქციურად სწორად ჩაცმის, თავისუფალი აზროვნებისა და მორალური ღირებულებების მიმართულებით. „კომბინიზონა“-ს მიზანია დაეხმაროს ადამიანებს უკეთ გამოხატონ საკუთარი თავი, იყვნენ უფრო რეალიზებულები, მოტივირებულები, ფერადი სიახლეებითა და თერაპიული დატვირთვის მქონე სამოსით გაიუმჯობესონ ყოველდღიურობა, რასაც ნათლად გამოხატავს სლოგანი #ფერებისარქიტექტურა ბედნიერებისთვის.

კორონავირუსის გავრცელებისთანავე საფრთხის წინაშე უამრავი ბიზნესი დადგა. გამონაკლისს არც „კომბინიზონა“ წარმოადგენდა, თუმცა COVID-19-ის მიერ გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ევროკავშირის მხარდაჭერით ადაპტური სამოსის მწარმოებელმა მულტიბრენდულმა კომპანიამ  შეძლო არამხოლოდ სამუშაო ადგილების შენარჩუნება, არამედ დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა რაოდენობის გაზრდაც. დღეისთვის საწარმოში უკვე 60-70 ადამიანია დასაქმებული, მათი ნახევარი შშმ პირია.

ევროკავშირის ინიციატივა EU4Business-ისა და გერმანიის მთავრობის პროექტის „კლასტერები განვითარებისთვის“ დახმარებით, „კომბინიზონა“-მ 19 ცალი სამკერვალო აღჭურვილობა შეიძინა, რამაც საწარმოო სიმძლავრეების გაფართოების შესაძლებლობა მისცა. პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“ უკვე ერთ წელზე მეტია რაც მიმდინარეობს  ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით და მას GIZ-ი (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ახორციელებს.

„კომბინიზონა“-ს გზა ევროკავშირთან გადაიკვეთა მაშინ, როცა სრულიად მოულოდნელად, საწარმოს კრიზისის დასაძლევად ინოვაციური ფაბრიკა ISF Georgia-ს რიგით მეორე, დამცავი ეკიპირების ბრენდ „ალიკაპი“-ს ექსტრემალურ პირობებში წარმოებაში ჩაშვება მოუწია. გუნდის წევრებს სამსახური რომ არ დაეკარგათ, დანადგარები სახლებში წაიღეს და ურთულეს ვითარებაში, საკმაოდ მძიმე ფინანსური დანახარჯებით ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულების განვითარება წამოიწყეს. პარალელურად შემუშავდა საქველმოქმედო კამპანია #1შენ1მე, #დარჩისახლში-ს ხელშესაწყობად „კომბინიზონა“ ქალბატონებს სახლიდან გაუსვლელად ასაქმებდა, კომპანიებს კი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობდა დამცავ ეკიპირებას – პირბადეს, ხალათს, კომბინიზონს.

„შემოსული თანხის 30%-ს სრულად ვაბრუნდებდით ქველმოქმედებაში და ათიათასობით პირბადეს უფასოდ ვურიგებდით შშმ პირებსა და პოლიკლინიკებს. სამწუხაროდ, გაზრდილი ტრაფიკის გამო დანადგარები ვერაფერს ყოფნიდა. ზუსტად ამ დროს გამოჩნდა ევროკავშირისა და GIZ-ის პროექტი – „კლასტერები განვითარებისთვის“, რომლის ფარგლებშიც ეხმარებოდნენ კომპანიებს კოვიდ-კრიზისის დაძლევაში. ეს გახდა საწინდარი იმ უდიდესი თანადგომის, რის შედეგადაც მივიღეთ დანადგარები და არ გაგვიჩერდა წარმოება, დავასაქმეთ ადამიანები, შევქმენით მეტი დამცავი ეკიპირება, დავარიგეთ უამრავი უფასო პირბადე და საბოლოო ჯამში ქვეყანას კრიზისის დაძლევაში ხელი შევაშველეთ.“ – გვიყვება განო მელითაური.

როგორც დამფუძნებლები ამბობენ, ევროკავშირისა და GIZ-ის პროექტთან თანამშრომლობა  მათთვის უმნიშვნელოვანესი ტრამპლინი იყო, რადგან დანადგარები, რომლებიც საჩუქრად მიიღეს, მაქსიმალურად აითვისეს. შედეგად, მუშაობენ დღისა და ღამის ცვლაში, რამაც გაზარდა წარმადობა და საწარმოს მისცა ფუფუნება, საკუთარი რესურსებით დაემატებინათ ახალი მანქანები. მიღებული შედეგი ხელს უწყობს ქვეყანაში დასაქმების ზრდას და შშმ პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

ევროკავშირისა და GIZ-ის პროექტის „კლასტერები განვითარებისთვის“ მიზანს მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერა წარმოადგენს, კერძოდ, კლასტერული განვითარების მეშვეობით. პანდემიის პერიოდში პროექტს მოუწია სამოქმედო გეგმების გარკვეულწილად  გადაწყობა, რათა შესაძლებლობა ჰქონოდა დახმარება გაეწია პარტნიორი მეწარმეებისათვის მათ წინაშე შექმნილი ახალი გამოწვევების დაძლევის კუთხით. ეს მხარდაჭერა მოიცავდა როგორც სწრაფ საკონსულტაციო დახმარებას, ისე ფინანსურ დახმარებას საჭირო აღჭურვილობის შესაძენად, რამაც კომპანიებს საწარმოო სიმძლავრეების გაზრდისა და  მათ პროდუქციაზე კრიზისის შედეგად შექმნილი მაღალი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა მისცა.

პროექტი დაეხმარა პარტნიორ სამკერვალო კომპანიებს გაერთიანებულიყვნენ ბიზნეს კლასტერის ქვეშ, რომელსაც „ქართული ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია“ (Georgian Apparel and Fashion Association, GAFA) ეწოდა. როგორც თეა კენჭაძე, GIZ-ის პროექტის კომუნიკაციის ექსპერტი გვიყვება,  „კომბინიზონა“, ისევე როგორც ასოციაციის სხვა პოტენციური წევრები, პროექტის მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგად შეირჩა. „GAFA-საინიციატივო ჯგუფი დღეს 20-ზე მეტ წევრს აერთიანებს. ესენია ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიები, მოდის დიზაინერები, ატელიები. მათ შეიმუშავეს კლასტერის ხედვა და მისია.  საინიციატივო ჯგუფის წევრებს საერთო ინტერესები აერთიანებს, რაც მოიცავს მდგრადი წარმოების ხელშეწყობას, ინოვაციებზე წვდომას, ექსპორტის შესაძლებლობების განვითარებასა და ციფრული ტექნოლოგიების (მ.შ. ელექტრონული ვაჭრობის) დანერგვას. სწორედ ამ მიმართულებებით იგეგმება კლასტერის საქმიანობა და მის წევრებს შორის თანამშრომლობის განვითარება, რაც, საბოლოო ჯამში, ქართული ტანსაცმლის წარმოებისა და მოდის ინდუსტრიის მყარი რეპუტაციის შექმნის მიზანს ემსახურება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.“

GAFA პოზიციონირებს, როგორც მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი სამოსისა და ტექსტილის წარმოების მხარდამჭერი და გამაძლიერებელი.  „კომბინიზონაც“ აქტიურად არის ჩართული ასოციაციის საქმიანობაში.  განო მელითაური არის ასოციაციის სამუშაო ჯგუფის – „ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის და სამუშაო ძალის” თანახელმძღვანელი და მუშაობს ისეთ თემებზე, როგორიც არის დასაქმებულთა განვითარება და სწავლება, შრომითი უფლებები და სამუშაო პირობები, სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტიანობა.

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021