ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით დანერგილი ახალი ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებით ქართველი ფერმერები მოსავლიანობას ზრდიან და ხარჯებს ამცირებენ

23/07/2021

საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობაშია ჩართული, შესაბამისად, ამ სფეროში ნებისმიერი წინსვლა დიდი შედეგის მომტანია. 2019 წლიდან, ENPARD-ის პროგრამის მესამე ფაზის ფარგლებში, ევროკავშირმა და FAO-­მ საქართველოში სოფლის მეურნეობის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვა და მთავრობის სასოფლო­სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერა აქტიურად დაიწყეს. წლევანდელი მოსავლით შედეგები უკვე სახეზეა – ქართველი ფერმერები მოსავლიანობას საგრძნობლად ზრდიან და ხარჯებს დაახლოებით 30%-ით ამცირებენ.

ზოგიერთი ბენეფიციარი ფერმერის შედეგების გასაცნობად, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერი, ჟორჟ დეუ და FAO-ს პროგრამების კოორდინატორმა, ხავიერ სან ალვარესი გორის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის და გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით მოწყობილ სადემონსტრაციო ნაკვეთებს ესტუმრნენ, ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ და მოსავლის აღებაში მონაწილეობა მიიღეს.

ერთ-ერთი ნაკვეთი, რომელიც მათ მოინახულეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან მდებარეობს, სადაც ადგილობრივი ფერმერი გელა გოგნიაშვილი 10 ჰა ხორბლის ნაკვეთს ფლობს. 2020 წლის ოქტომბერში, გელა ევროკავშრის და FAO-ს მხარდაჭერილ პროგრამაში ჩაერთო და მიწის ნულოვანი დამუშავების მეთოდის გამოყენება მისი ნაკვეთის ნახევარზე სცადა. მას მიეწოდა ნულოვანი დამუშავებისთვის საჭირო ტექნიკა და ტრაქტორი, ასევე FAO-ს აგრონომები ყურადღებით აკვირდებოდნენ მოსავლის მოყვანის მთელ პროცესს.

ვიზიტის დროს, ევროკავშირის და FAO-ს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასაუბრებოდნენ ფერმერებს, ახალი ტექნოლოგიების და შედეგების შესახებ მათი აზრი მოესმინათ და მოსავლის აღებაში მონაწილეობა მიეღოთ.

როგორც გელა ამბობს, ნიადაგის ნულოვანი დამუშავების თანამედროვე მეთოდის გამოყენებით, მან მნიშვნელოვანი ეკონომია გააკეთა, რადგან მოსავლის მოსაყვანად მას ხვნის, დადისკვის და თესვის ხარჯები არ გაუწევია. მას უკვე შეუძლია შეადაროს მის მიწის ნაკვეთზე მიღებული შედეგები – ერთის მხრივ ტრადიციული, ხოლო მეორე მხრივ ნულოვანი მეთოდით მოყვანილი ხორბალი – და წინასწარი დაკვირვების თანახმად, ნულოვანი მეთოდით მიღებული მოსავალი უფრო მაღალი ხარისხისაა.

ევროკავშირის და FAO-ს წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ სოსო ხუროშვილს, ხორბლის მწარმოებელ კიდევ ერთ ადგილობრივ ფერმერს, რომელმაც ნიადაგის ნულოვანი დამუშავების მეთოდით ქართული ჯიშის ხორბალი “ლომთაგორი” თავის 3 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ასევე გააშენა. წინა წლებში, სოსო ჰექტარზე საშუალოდ 3 – 3.5 ტონა მოსავალს იღებდა. გელა გოგნიაშვილის მსგავსად, წელს სოსოც უკეთეს მოსავალს ელოდება, როგორც ხორბლის ხარისხის, ისე რაოდენობის მხრივ.

ნიადაგის ნულოვანი დამუშავების მეთოდით კიდევ ერთმა ადგილობრივმა ფერმერმა, გოჩა დანიელაშვილმა ისარგებლა. წელს მან ჰექტარზე უკვე 3,5 ტონა მოსავალი აიღო, რაც, წინა წლებთან შედარებით, ჰექტარზე დაახლოებით 800 კილოგრამით მეტია.

ევროკავშირის დახმარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი სასოფლო-სამეურნეო მეთოდების სარგებლიანობის დემონსტრირებაა. დღეს ჩვენ სწორედ ასეთი დემონსტრაცია ვიხილეთ, ხორბლის ნულოვანი დამუშავებით მოყვანის მაგალითზე. შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია როგორც პროდუქტიულობის, ისე ხარისხის თვალსაზრისით. განსაკუთრებით სასიამოვნოა ფერმერების მზარდი ინტერესის და ამ ახალი მეთოდებისადმი მათი დადებითი დამოკიდებულების დანახვა, რაც ასევე მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების შერბილების ხელშეწყობისთვის” – განაცხადა ჟორჟ დეუმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერმა.

„ნიადაგის ნულოვანი დამუშავება საქართველოში სოფლის მეურნეობის პერსპექტიულ პრაქტიკას წარმოადგენს. ჩვენ ვხედავთ ფერმერთა მზარდ ინტერესს, ისინი გაცილებით მეტს აწარმოებენ ბევრად ნაკლები დანახარჯებით. FAOს მხრიდან, ჩვენ სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ მდგრადი პრაქტიკისა და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის პოპულარიზაციაში, როგორიცაა ნიადაგის ნულოვანი დამუშავებ. ეს მიმართულება თანხვედრაშია ევროკავშირის „მწვანე შეთანხმებასთან“, რომელსაც ევროკავშირი ხელს უწყობს როგორც ევროპაში, ასევე მთელს მსოფლიოში,“ – განაცხადა FAO-ს პროგრამების კოორდინატორმა, ხავიერ სან ალვარესმა. 

ნიადაგის მინიმალური დამუშავება არის ნიადაგის სტრუქტურაზე მინიმალური ზემოქმედების ტექნიკა. მინიმალური დამუშავებისას ნიადაგის ზედაპირზე რჩება მუდმივი საფარი, რაც ნიადაგში წვიმის წყალს უკეთესად შეღწევაში ეხმარება და ანელებს აორთქლების პროცესს, ზრდის ნიადაგში ორგანული ნივთიერებების შემცველობას. შესაბამისად, ხდება საკვები ნივთიერებების კვლავ წარმოება და ნიადაგში ფლორისა და ფაუნის შენარჩუნება, რაც მნიშვნელოვანია ტენიანობის შენარჩუნებისთვის.

2021-ში უკვე ორი წელია, რაც ევროკავშირი და FAO ENPARD III პროექტის ფარგლებში საქართველოში საკონსერვაციო სოფლის მეურნეობის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას ახორციელებს. 2019 წლიდან, ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მეთოდებში 1,300-ზე მეტი ფერმერი გადამზადდა; საქართველოში 80-ზე მეტი სადემონსტრაციო ნაკვეთი მოეწყო; 10 ფერმერული საველე სკოლა შეიქმნა; ფერმერებს 3.1 მილიონ დოლარამდე ღირებულების 160 გრანტი გადაეცათ.

საკონტაქტო პირები:

  • თამარ ხუნწარია, სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, EU4Georgia III, tamar@commwithus.eu, 595 989916
  • სოფო ალთუნაშვილი, FAO კომუნიკაციების ოფიცერი, Altunashvili.Sophio@fao.org, 577 109950

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021