გოგონა სვანეთიდან, გარემოზე ზრუნვით ევროკავშირის და CENN-ის კონკურსის გამარჯვებული გახდა

17/07/2020

2020 წლის მწვანე სტიპენდია ხუთმა ახალგაზრდამ მიიღო

სვანური კოშკები, ყვავილები, მთები, სხვადასხვა პეიზაჟი – ეს მოხატული მრავალჯერადი ჩანთები 17 წლის მარიამ ნარსავიძის და მისი მოსწავლეების ნამუშევრებია. მარიამმა, სვანეთში, ეკოლოგიურად სუფთა ჩანთების წარმოება, პოლიეთილენის პარკების გამოყენების შესამცირებლად დაიწყო, რადგან გარემოს ნაკლები ზიანი მიადგეს. ამ საქმეს ის უკვე ერთი წელია ანასტასია და ნანა რეზეშიძეებს ასწავლის.

“კვირაში სამჯერ დავდივართ, ძალიან მოგვწონს. უფასოდ გვასწავლიან თექაზე მუშაობას, ქარგვას და კერვას.”- ამბობს 11 წლის ანასტასია რეზეშიძე.

ჩანთების მოხატვაში, გოგონების გარდა, ბიჭებიც აქტიურად არიან ჩართულები.

17 წლის მარიამ ნარსავიძე CENN-ის მწვანე სტიპენდიანტი, მწვანე მეწარმეობაში გახდა, რომელსაც ევროკავშირის პროგრამა EU4YOUTH აფინანსებს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოციალური მეწარმეობა მწვანე ზრდისთვის (SEED)” ხელს უწყობს ახალგაზრდების სოციალურ ჩართულობას და მათი დასაქმების გაზრდას.

სტიპენდია სულ ოთხ ნომინაციაში გაიცა და ხუთი გამარჯვებული ჰყავს.  კონკურსის მიზანია, მომავალ ლიდერებს გაუჩინოს სტიმული, უფრო აქტიურად გააგრძელონ საკუთარ თემში გარემოსდაცვითი და მეწარმეობის საკითხების ადვოკატირება და პირადი მაგალითით დადებითი ცვლილებების მოტანა. მარიამ ნარსავიძე ფარის თემში, მეწარმეობისა და გარემოსდაცვით საკითხების იდენტიფიცირებითა და გადაჭრით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდაა.

მარიამ ნარსავიძემ გარემოს დაცვაზე ზრუნვა მე-8 კლასიდან დაიწყო. ის ფარის საჯარო სკოლის ეკო კლუბის – “Green space” ერთ-ერთი ლიდერია. მარიამმა პირველად, გარემოსდაცვით კონკურსში მონაწილეობა, ჯერ კიდევ 4 წლის წინ მიიღო, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის სასკოლო გარემოსდაცვით კონკურსში – “ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია”, მონაწილეობდა.“სოციალურ ქსელში, CENN-ის გვერდზე ვნახე კონკურსის შესახებ ინფორმაცია და მივიღე მონაწილეობა. ჩემი საწარმოს მაგალითმა გაიმარჯვა. საწარმოს მეშვეობით ახალგაზრდებსა და ბავშვებს ვასწავლით ხელსაქმესა და გარემოზე ზრუნვას. ასევე, ვცდილობთ პოლიეთილენის პარკების გამოყენების შემცირებას, რათა ნაკლები ზიანი მივაყენოთ გარემოს,”- ამბობს მარიამი.

“პატარა რომ ვიყავი, მე-12 კლასელები ატარებდნენ ტრენინგებს, მერე მეც ჩავერთე. პირველი იყო მაკულატურის შეგროვება, ვინც იმ წელს მეტ მაკულატურას შეაგროვებდა, წიგნი გადაეცემოდა. მე ვერ გავიმარჯვე, მაგრამ ბოლოს ყველამ ერთად 1000 კგ-მდე მაკულატურა შევაგროვეთ და სკოლისთვის წიგნებში გადავცვალეთ.

ასევე, ეკო კლუბის ბავშვებმა დასუფთავების აქცია ჩავატარეთ. მოსახლეობას გავაცანით ინფორმაცია, ბუკლეტები დავარიგეთ, ტექსტიც ჩვენ გავაკეთეთ, რამხელა ზიანი ადგება გარემოს დაბინძურებით და სოფლებშიც გავავრცელეთ. ბზა აღმოვაჩინეთ, რომელიც გადაშენების პირას არის, ლაბორატორიაში გავაგზავნეთ და დადასტურდა, რომ ნამდვილად კოლხური ბზაა. ამის შემდეგ მოსახლეობას მივაწოდეთ ინფორმაცია და ტოტებს აღარ ამტვრევენ.”

სოციალური საწარმოს შექმნის იდეა, თავდაპირველად მესტიის მუნიციპალიტეტში,  ფარის საჯარო სკოლის პედაგოგს ეკა წულუკიძეს გაუჩნდა.  მიზანი,  იმ ახალგაზრდების დასაქმება იყო, ვინც უსახსრობის გამო სწავლა ვერ გააგრძელა და სოფელში დარჩენა მოუწია. პირველი გრანტი  2016 წელს “სოფლად ახალგაზრდების გაძლიერების” პროგრამის ფარგლებში მიიღო.

“ორი მიმართულება გვაქვს, ქალებისთვის თეთრეულის კერვა,  მეც ვკერავ და  რაც შემოსავალია საწარმოს განვითარებას ვახმართ. ასევე გვაქვს სასწავლო მიმართულება, ჩვენთან 11 ადგილობრივი გოგონა სწავლობდა, რომლებმაც უსახსრობის გამო  სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ვერ გააგრძელეს. შემდეგ ერთ-ერთმა პროფესიულ სასწავლებელში ჩააბარა და სწავლის საფასურს ერთი წელი ჩვენ ვუხდიდით. ახლა ხუთი ქალი გვყავს დასაქმებული.”- გვიყვება ეკა წულუკიძე.

სოციალური საწარმო, რომელიც თავდაპირველად ფარის საჯარო სკოლის საკუჭნაოში გააკეთეს, ახლა საბავშვო ბაღის პირველ სართულზეა განთავსებული.

მარიამ ნარსავიძემ ხელსაქმის სწავლა ამ საწარმოში, რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ახლა უკვე 15 დასახელების პროდუქტს საკუთარი ხელით ქმნის. გამოფენებზეც ძირითადად მისი ნამუშევრები იყიდება. მან მუშაობა თავდაპირველად თექაზე დაიწყო, შემდეგ ქარგვა, სუვენირების გაკეთება. ერთი წლის წინ,  მას შემდეგ, რაც ლადო აფხაზავამ საწარმოს თანხა აჩუქა, საკერავი მანქანა და საღებავები შეიძინეს და დღემდე 50-ზე მეტი ჩანთა შეკერეს.

ფარის საჯარო სკოლაში, წელს სულ 25 მოსწავლე სწავლობდა, მარიამის კლასმა, სადაც სულ 5 მოსწავლე იყო, სკოლა რამდენიმე დღის წინ დაამთავრა. ახლა, მარიამი უნივერსიტეტის მისაღები გამოცდებისთვის ემზადება. თუმცა, საწარმოში ხელსაქმეს კვლავ ასწავლის და გარემოს დაცვის მიმართულებით ტრენინგებსაც ატარებს.

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021