გაზრდილი და გაუმჯობესებული მოსავალი, გარემოზე მიყენებული ნაკლები ზიანით – ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერა ქართველ ფერმერებს

16/07/2021

„არასდროს არის გვიანი, ისწავლო, როგორ გაზარდო უკეთესი მოსავალი“, – ამბობს ფერმერი ირინა ვასილევა, ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან.

ირინა სოფელ ვარციხის მკვიდრია, ბაღდათი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი უძველესი სოფლის, სადაც 1500-ზე ოდნავ მეტი ადამიანი ცხოვრობს. ადგილობრივებისთვის მიწათმოქმედება და მოყვანილი პროდუქტის ბაზარზე გატანა მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა, ირინაც, მისი ოჯახით, ამ ტრადიციის მიმდევარია და მეუღლესა და ორ შვილთან ერთად, ბოსტნეულის წარმოებით აქტიურად არის დაკავებული. თუმცა, წარმოების ძველი წესები და ტრადიციები, წელს, ახალმა, ინოვაციურმა მიდგომებმა ჩაანაცვლა, FAO-ს და ევროკავშირის მხარდაჭერით.

„გავიგე, რომ FAO-ს აგრონომები მეზობელ სოფელში ჩითილების საწარმოს სტუმრობდნენ, მეც მივედი ამ შეხვედრაზე, თან ჩემი ჩანაწერების ბლოკნოტი წავიღე. ყველაფერს აღვწერ, რასაც ჩემს ფერმაში ვაკეთებ. ბლოკნოტი აგრონომებს ვაჩვენე და განვუცხადე, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურების უკეთესად წარმოება მინდოდა მესწავლა და უკეთესი მოსავალი მიმეღო“, – ასე აღწერს ფერმერი FAO-სთან მის პირველ გადაკვეთას.

ირინა ვასილევას სამი სათბური აქვს, თითოეულის ფართობი 500 კვადრატული მეტრია. სათბურებში ფერმერს და მის ოჯახს ბოსტნეული მოჰყავს. ირინა ამბობს, რომ მისთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო სოფლის მეურნეობის თანამედროვე მეთოდები, რომელთა წყალობით, კიტრის, პომიდვრის, მწვანილის და სხვა კულტურების მოსავალი საგრძნობლად გაზარდა და გააუმჯობესა. 

„გარკვეული ცოდნა თავადაც გამაჩნდა, მაგრამ ბევრი რამ, რაც FAO-ს აგრონომებმა მასწავლეს, ჩემთვის სრული სიახლე აღმოჩნდა. დამიყენეს წვეთოვანი სარწყავი სისტემა, ბაზოების მოწყობა და მულჩის დაფენა მასწავლეს. ჩემი პროდუქტი ახლა გაცილებით კარგად გამოიყურება და გემრიელიც არის“, – ამბობს ირინა.

ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერა ირინას, არამხოლოდ უკეთესი მოსავლის მიღებაში დაეხმარა, არამედ, რესურსების ეკონომიურ გამოყენებაშიც. „არ ვიცოდი, რომ მცენარეებს ამდენი სასუქი არ სჭირდებოდათ. წვეთოვანი სისტემის დაყენებისა და უკეთესი გათვლების გაკეთების ხარჯზე, საკმაოდ სერიოზულ თანხას ვზოგავ“, – ამბობს ის.

თანხის დაზოგვა ფერმერებისთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით კი ქალი ფერმერებისთვის, ვინც, ირინას მსგავსად, საკუთარი მეურნეობა დამოუკიდებელი შემოსავლის და ოჯახი მხარდასაჭერად წამოიწყო.

სხვა ფერმერების მსგავსად, ირინა საკუთარ ნაწარმს ქუთაისის ბაზარზე ყიდის, თუმცა გასულ წელს რეალიზაციით მიღებული თანხა საკმაოდ შეუმცირდა. COVID-19 პანდემიის გამო, სურსათის გაყიდვა გაჭირდა, ყვება ირინა. ტურიზმსა და სარესტორნო ბიზნესზე შემოღებულმა შეზღუდვებმა ფერმებზე და ფერმერებზე ნეგატიურად იმოქმედა. ირინა ბაზარში დღეებს ატარებდა, თუმცა მოსავლის გაყიდვას ვერა და ვერ ახერხებდა.

ამ რთულ პერიოდში, ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერა ძალიან დროული იყო, ამბობს ირინა. ორგანიზაციის აგრონომთა მხარდაჭერით, ფერმერმა შეძლო ზამთარში, სალათის ფოთლის სათბურში მოყვანა, დამატებითი გათბობის გამოყენების გარეშე. ზამთარში მოყვანილ პროდუქციას ის უფრო ადვილად ყიდის, რადგან ადგილობრივად კონკურენცია ძალიან დაბალია. მოსავლის უკეთესი ხარისხის მიღწევით და დანახარჯების შემცირებით კი, ირინამ ამ რთულ ვითარებაში საკუთარი ფერმის გადარჩენა შეძლო და მომავალსაც ოპტიმისტურად უყურებს. 

„ნაბიჯ-ნაბიჯ ვხედავთ, როგორ უბრუნდება ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას, რესტორნები და სასტუმროები იხსნება, ხალხს ყოველთვის დასჭირდება საკვები, ჩვენ კი ახლა უკვე ვიცით, როგორ უნდა მივიღოთ მეტი და უკეთესი მოსავალი“, – ამბობს ფერმერი.

„ევროკავშირისა და FAO-ს პროექტის ფარგლებში, ჩვენ ვცდილობთ, სულ უფრო მეტ ფერმერს ვასწავლოთ საქართველოში სურსათის არასეზონურად წარმოება. ამ დროს ფასიც მატულობს და კონკურენციაც დაბალია. ახალი სასოფლო-სამეურნეო მეთოდებით, ქართველ ფერმერებს არამარტო სოფლის მეურნეობის სეზონის დროს შეუძლიათ საკვების წარმოება, არამედ წლის ცივი თვეების დროსაც. ვარციხეში და საქართველო სხვა მრავალ ადგილას ბოსტნეულის მოყვანა ზამთრის პერიოდში საკმაოდ მომგებიანი შეიძლება იყოს და საქართველოს დამოკიდებულება იმპორტირებულ პროდუქციაზეც შესაძლებელია ამან შეამციროს“, – ამბობს ალან პინედა, FAO-ს საერთაშორისო აგრონომი.

სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკების შესახებ ცოდნისა და გამოცდილების რაც შეიძლება ფართოდ გაზიარება  პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ზუსტად ამის გამო, ორგანიზაციამ ირინას მეურნეობა სადემონსტრაციო ნაკვეთად აქცია და მის მაგალითზე სხვა ადგილობრივ ფერმერებს დარგობრივ ტრენინგებს უტარებს. ირინას სათბურებში FAO-ს და ევროკავშირის ორგანიზებით, ფერმერთა საველე სკოლის შეხვედრები ხშირად ტარდება. ფერმერი ამბობს, რომ ის სიხარულით ერთვება ამ ღონისძიებებში და ყოველთვის მზად არის საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად. ირინა აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობაში სულ უფრო მეტი და მეტი ქალი ერთვება დამოუკიდებელი შემოსავლის მისაღებად.

„სოფლის მეურნეობაში არაფერია ისეთი, რასაც კაცი გააკეთებს და ქალი ვერ. კი ბატონი, საკმაოდ მძიმე შრომაა, მაგრამ საინტერესო და ნაყოფიერი. რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ ჩვენი სოფლის ქალების დასახმარებლად“, – ამბობს ფერმერი.  

ამჟამად, FAO-ს და ევროკავშირს საქართველოში 80-ზე მეტი სადემონსტრაციო ნაკვეთი აქვთ. მათ შორის, ბოსტნეულის, რძისა და მეფუტკრეობის. სადემონსტრაციო ნაკვეთებზე 10 ფერმერთა საველე სკოლა ფუნქციონირებს. 1200-ზე მეტმა ფერმერმა უკვე გაიარა FAO-ს აგრონომების საველე ტრენინგები. ამ ფერმერთა 25%-ს ქალი ფერმერები შეადგენენ. 

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 234,5 მილიონი ევრო. მისი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების უზრუნველყოფა და საქართველოში სიღარიბის შემცირება. მეტი ინფორმაცია ENPARD-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021