ახალგაზრდული შესაძლებლობების პირველი, ქართული ონლაინ პლატფორმა უკვე ხელმისაწვდომია

02/06/2021

საქართველოში პირველად, ახალგაზრდული შესაძლებლობების ონლაინ პლატფორმა– youthplatorm.gov.ge ჩაეშვა. „ახალგაზრდობის პლატფორმა“ ერთი ფანჯრის პრინციპის მქონე  შესაძლებლობების ონლაინ სივრცეა, რომელიც აერთიანებს შესაძლებლობების გამცემ სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ახალგაზრდობას. ეს არის სტრუქტურული დიალოგის ინსტრუმენტი, რომელიც მსუბუქ ხიდს აგებს ორგანიზაციებსა და ახალგაზრდობას შორის და საჭირო შესაძლებლობამდე მიჰყავს.

პლატფორმის პრეზენტაცია დღეს, 1 ივნისს გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ დაინტერესებული მხარეები, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, სამთავრობო, არასამთავრობო, კერძო, საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენელები, რომლებიც ჩართულები არიან ახალგაზრდების განვითარებასა და გაძლიერებაში, უშუალოდ ახალგაზრდები.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალგაზრდობის, კულტურისა და ციფრული საზოგადოების პროგრამების მენეჯერმა, ნინო სამველიძემ აღნიშნა: ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ახალგაზრდული ეკოსისტემის გაძლიერებისთვის, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდები შეძლებენ უფრო ეფექტურ კომუნიკაციას  მათი მიზნებისა და ინტერესებისთვის. ”.

Save the Children-ის დირექტორმა ხაზი გაუსვა მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას ახალგაზრდების განვითარების კუთხით და აღნიშნა: „Save the Children-ისთვის ახალგაზრდების გაძლიერება უნიშვნელოვანესია. Youthplatform.gov.ge ახალი ონლაინ პლატფორმაა ახალგაზრდებისათვის, რათა მოიძიონ მათთვის საჭირო შესაძლებლობა და ჩაერთონ სხვადასხვა პროგრამებში.“

ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის, რეზო ჩარკვიანის თანახმად: სამთავრობო უწყებისთვის, რომელიც ქმნის ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ციფრული პროდუქტის არსებობა (youthplatform.gov.ge) ვინაიდან ეს არის ერთი ფანჯრის პრინციპის მქონე ონლიან პლატფორმა, რომელიც ერთმანეთს დააკავშირებს შესაძლებლობების გამცემ ორგანიზაციებსა და შესაძლებლობების მაძიებელ ახალგაზრდებს, რაც თავის მხრივ, დაეხმარება ახალგაზრდებს გააქტიურდნენ  და ჩაერთონ საზოგადოებრივი ცხოვრებაში.

პლატფრომა სატესტო რეჟიმში იმუშავებს და მუდმივად განახლდება მომხმარებლის გამოცდილების გათვალისწინებით.

მსგავსი სერვისის დანერგვა ქვეყანაში პირველი პრეცედენტია და ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, საქართველოში ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნის პროცესში, ვინაიდან ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა ერთი ფანჯრის პრინციპის მქონე ონლაინ პლატფორმაზე, მარტივად და სწრაფად მოიძიონ მათთვის საინტერესო ნებისმიერი შესაძლებლობა, ღონისძიება, ტრენინგი, ვორქშოფი, გრანტი თუ სხვა,  ჩაერთონ და გააქტიურდნენ.

Youthplatform.gov.ge – მასშტაბური პროექტია და წარმოადგენს ევროკავშირის პროგრამის – „უნარები დასაქმებისათვის“ ნაწილს, რომელსაც ევროკავშირი, პარტნიორებთან ერთად, რომელთა შორისაა Save the Children, ახალგაზრდობის სააგენტო, კონრად ადენაუერის ფონდი და საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია, ერთობლივად ახორციელებს პროექტის „უნარები წარმატებისათვის“  ფარგლებში.

პროექტი მიზნად ისახავს 16-29 წლის ახალგაზრდებს შორის სამეწარმეო და დასაქმებისათვის საჭირო უნარების განვითარებას. პროექტი განსაკუთრებით ფოკუსირდება იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც არ სწავლობენ, არ არიან დასაქმებული და არც რაიმე ტიპის ტრენინგს გადიან (შემდგომში, NEET ახალგაზრდები).

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • მარიამ ქებაძე, ახალგაზრდობის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი Mariam.kebadzee@gmail.com, 591 22 44 57
  • მარიკა მხეიძე, Save the Children-ის ადვოკატირების ექსპერტი, marika.mkheidze@savethechildren.org, 591 41 05 30

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021